ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

რუბიო არ დაესწრება G20-ის სამიტს, კლიმატისა და მიწის პოლიტიკაზე უთანხმოების გამო

0

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 5 თებერვალს განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს "დიდი ოცეულის" (G20) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც მიმდინარე თვეში სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. ამის მიზეზია მიწის, კლიმატის ცვლილებებისა და მრავალფეროვნების, სამართლიანობისა და ინკლუზიის პოლიტიკაზე უთანხმოება.

"სამხრეთ აფრიკა ბევრ ცუდ საქციელს სჩადის - კერძო საკუთრების ჩამორთმევა, G20-ის გამოყენება "სოლიდარობის, თანასწორობისა და მდგრადობის" ხელშესაწყობად. სხვა სიტყვებით, მრავალფეროვნება, სამართლიანობა, ინკლუზია და კლიმატის ცვლილებები", - წერს რუბიო პლატფორმა X-ზე და დასძენს: "ჩემი ამოცანაა, ხელი შევუწყო ამერიკის ეროვნულ ინტერესებს და არა გადასახადების გადამხდელთა ფულის ფლანგვა ან ანტიამერიკანიზმისთვის დაყვავება".

პრინციპს, "მრავალფეროვნება, სამართლიანობა და ინკლუზია", რომელიც გამოიხატება აბრევიაციით DEI, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ თვეში თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ აკრიტიკებს. ტრამპი ასევე სკეპტიკურად ეკიდება კლიმატის ცვლილებებს და გასულ თვეში მან აშშ მეორედ გამოიყვანა პარიზის ხელშეკრულებიდან.

ტრამპი აკრიტიკებდა სამხრეთ აფრიკაში გატარებულ პოლიტიკას მიწასთან მიმართებით და ამბობდა, რომ ამ ქვეყანაში ხდება მიწის კონფისკაცია და "ადამიანების გარკვეულ კლასებს" იქ ექცევიან "ძალიან ცუდად". ამასთან, სამხრეთ აფრიკაში დაბადებული მილიარდერი ილონ მასკი - რომელსაც ტრამპი "ეფექტიანობის ხელმწიფეს" უწოდებს თავის ადმინისტრაციაში - სამხრეთ აფრიკას ადანაშაულებს "საკუთრების ღიად რასისტული კანონების" ქონაში და მიიჩნევს, რომ ამის მსხვერპლი თეთრკანიანები არიან.

მიწის მფლობელობის საკითხი პოლიტიკურად მწვავეა სამხრეთ აფრიკისთვის, კოლონიალიზმის და აპართეიდის პერიოდებში შავკანიანებისთვის მიწების ჩამორთმევის და უმკაცრესი აკრძალვების მოქმედების გამო.

პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ გასულ კვირაში დაიცვა მიწის პოლიტიკა სამხრეთ აფრიკაში - მისი თქმით, ხელისუფლებას მიწის კონფისკაცია არ მოუხდენია და გატარებული პოლიტიკა ემსახურება მიწის მფლობელობის საკითხის სამართლიანობას.

"ახლახან მიღებული ექსპროპრიაციის აქტი არ წარმოადგენს კონფისკაციის ინსტრუმენტს, ესაა კონსტიტუციურად განსაზღვრული იურიდიული პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს მიწაზე საჯარო წვდომის სამართლიანობას", - წერდა რამაფოზა პლატფორმა X-ზე.

4 თებერვალს რამაფოზა ტელეფონით ესაუბრა მასკს და შეშფოთება გამოთქვა "დეზინფორმაციაზე", რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკის სასოფლო-სამეურნეო მიწების სამ მეოთხედს კვლავ თეთრკანიანი მფლობელები ჰყავს. შავკანიანები - რომლებიც მოსახლეობის 80%-მდეა - 2017 წელს ჩატარებული აუდიტის თანახმად, მიწების 4%-ის მფლობელები არიან.

"დიდი ოცეულის" სამიტზე აშშ-ის არყოფნა დარტყმა იქნება ამ შეხვედრისთვის. ასევე რუბიო ხელიდან გაუშვებს შესაძლებლობას, შეხვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს - იმ ფონზე, როცა ტრამპს სურს დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება უკრაინის ომთან მიმართებით.

"დიდი ოცეულის" (G20) წევრები არიან არგენტინა, ავსტრალია, ბრიტანეთი, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, სამხრეთი კორეა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი და აშშ. გაერთიანების წევრებს შორის არის ორი რეგიონული ორგანიზაციაც: ევროკავშირი და აფრიკის კავშირი.