ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

მზია ამაღლობელის საქმეზე ათი პოლიციელი გამოჰკითხეს, მათ შორის ირაკლი დგებუაძეც

0

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ონლაინგამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის „სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულია მზია ამაღლობელთან შემხებლობაში მყოფი პოლიციის ათი თანამშრომელი, მათ შორის, ირაკლი დგებუაძე (ბათუმის პოლიციის უფროსი. რედ.). პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოკითხვისას უარყოფს მზია ამაღლობელის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობას“. ეს ინფორმაცია მანამდე ონლაინგამოცემა "ბათუმელებს" მიაწოდეს უწყებიდან.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით.

იმ ღამეს ის ორჯერ დააკავეს - ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯერ „გაიფიცე“ სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ უკვე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

14 იანვარს ბათუმის რაიონულმა სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, მისი ბრალი კი ასე ჩამოყალიბდა: „პოლიციელზე თავდასხმა“, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

15 იანვარს, როდესაც მზია ამაღლობელი ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მოინახულეს იურისტებმა, მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჟურნალისტს დაკავების შემდეგ არასათანადოდ მოეპყრო ბათუმის პოლიციის სამმართველოს პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

„დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე [მზია ამაღლობელს] აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.

ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - წერდა განცხადებაში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.

დაკავებულ მედიამენეჯერს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამ სტატუსს გამოძიების ზედამხედველი ორგანო, პროკურატურა, განსაზღვრავს. სტატუსის მინიჭებისთვის კონკრეტული ვადები დაწესებული არ არის, თუმცა, როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატი ჯუბა ქათამაძე ამბობს, მტკიცებულებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეგროვდეს.

მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად საპატიმროში შიმშილობა დაიწყო, ის უკვე 26 დღეა, შიმშილობს. 4 თებერვალს ის "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. გამოკვლევების დასრულების შემდეგ მას ციხეში დაბრუნება უნდა.

6 თებერვალს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით.

ჯგუფი შეიქმნა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებით, მათთან კონსულტაციითა და ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით. ამ ჯგუფში შედიან:

1. ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია;

2. გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები;

3. გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია;

4. ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია.

ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმები უახლოეს მომავალში მოინახულებენ მზია ამაღლობელს და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას.

მზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელს, - რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, - კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები საქართველოსა და საზღვარგარეთ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.

ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.