ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის რაიონზე, სადაც სამხედრო აეროდრომია

0

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკზე. ამ რაიონში სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის რეგიონებზე დრონებით თავდასხმა, როგორც წესი, პრიმორსკო-ახტარსკიდან ხდება.

კრასნოდარის მხარის ამ რაიონში აფეთქებები გვიან ღამით მოხდა.

პრიმორსკო-ახტარსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ ბონდარენკომ ტელეგრამ-არხით ადგილობრივ მცხოვრებთ მიმართა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები შეტევას იგერიებენ, ამიტომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და უსაფრთხოების მიზნით ფანჯრებთან ახლოს არ მივიდნენ.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრიი კოვალენკომ თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა პრიმორსკო-ახტარსკის ერთ-ერთი მცხოვრების მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, აფეთქებით გამოწვეული ხანძარი ჩანს. კოვალენკომ დაწერა, რომ აეროდრომის რაიონში, სადაც დარტყმა იყო, „შაჰედის“ ტიპის დრონების ერთი-ერთი საწყობი მდებარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულად პრიმორსკო-ახტარსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს. სამინისტროს მიერ 6 თებერვალს, დილით გამოქვეყნებული ზოგადი ინფორმაციით, ღამის განმავლობაში კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს 6 უკრაინული დრონი.

5 თებერვალს დრონებით შეტევა იყო კრასნოდარის მხარის დაბა ნოვომინსკაიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც, რომელიც კომპანია „ალბაშნეფტის“ საკუთრებაა. უკრაინის გენერალურმა შტაბმა ქარხანაზე დარტყმა დაადასტურა.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.