"მე არ გადამიკეტია, დამაბრალეს" - სასამართლომ 19 წლის სტუდენტი 5 ათასი ლარით დააჯარიმა
რუსთაველის გადაკეტვის ბრალდებით 5 000 ლარით დააჯარიმეს 19 წლის ვახტანგ ხვინთელანი, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ყოფილი მოსწავლე.
ვალდორფის სკოლის მოქმედმა და ყოფილმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მსვლელობა 13 იანვარს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ გამართეს.
დაჯარიმებული ვახტანგ ხვინთელანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ისინი ავტობუსის ზოლში პოლიციის ნებართვით გადაადგილდებოდნენ, პარლამენტთან ტროტუარზე განლაგდნენ და გზაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც გზა ხალხის რაოდენობის გამო გადაიკეტა.
"მე არ გადამიკეტია, დამაბრალეს რომ გადავკეტე. ტროტუარზე ვიდექი, ვიდეოც არსებობს, ნახა ყველამ, მაგრამ მაინც დამაჯარიმეს, აბსურდულია", - თქვა მან.
მის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. ხელოვნების ისტორიის კურსის მასწავლებელმა თეა როგავამ, რომლის ყოფილი მოსწავლეც იყო ვახტანგ ხვინთელანი, თქვა, რომ გზის გადაკეტვის ბრალდებით მისი შვილიც დაიბარეს. ისიც ვალდორფის სკოლის კურსდამთავრებულია.
"მე ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი, რომ უნდა იყვნენ სიმართლის მხარეს, თუ უნდათ ცხოვრებაში გზა სწორად გაიკვლიონ და დღეს ჩემმა მოსწავლემ ამის საპირისპირო გამოცდილება მიიღო, რასაც ვასწავლიდი. მან დაინახა, რომ ის, რაც მას არ გაუკეთებია, ედავებიან და ეუბნებიან, რომ ეს გააკეთე. ჩემთვის ძალიან რთულია ხვალ და ზეგ კლასში შესვლა და მოსწავლეებთან საუბარი იმ ადამიანურ ღირებულებებზე, რომელზეც უნდა იდგეს კაცობრიობა", - თქვა თეა როგავამ.
70 დღეა, საქართველოში პროევროპული აქციები იმართება. ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარე პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად შეზღუდა დემონსტრანტების უფლებები - უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება.
ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას მოგვიანებით აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნაც დაემატა.
31 იანვარს „ქართული ოცნების“ მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლითაც „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული ობიექტების ნუსხაში“ დაამატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები და მისი გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია.