ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

სულ ცოტა ორი ადამიანი დააკავეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე

0
სულ ცოტა, ორი ადამიანი დააკავეს პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა, რომელთა უმრავლესობა ჟურნალისტი იყო, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მსვლელობით გადაინაცვლეს.


დღეს, 4 თებერვალს, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქციას მართავდნენ გამოცემების, "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" პატიმრობაში მყოფი დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით. მზია ამაღლობელი 24-ე დღეა შიმშილობს.


 




დღეს, 4 თებერვალს, სადავო არჩევნების შედეგად შეკრებილი პარლამენტის სხდომაზე იგეგმება კოლეგიის მიერ, "ქართული ოცნების" ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მოხსენება.


მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გაგრძელება სცადეს მსვლელობით, ჩიტაძის ქუჩის გავლით, პოლიციამ მათ უფლება არ მისცა, შეჩერებულიყვნენ შენობის გვერდითა შესასვლელთან, საიდანაც პოლიტიკოსები ავტომობილებით შედიან ხოლმე.


საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერგი ბზიშვილმა "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს, მერაბ მეტრეველს, რამდენჯერმე გაუმეორა, რომ "აქ ვერ დადგებითო".


პოლიციამ დემონსტრანტებს უბიძგა ტროტუარზე გადასვლისკენ, როცა მისი ნაწილი უკვე დაკავებული ჰქონდათ საპატრულო პოლიციის უნიღბო და ნიღბიან თანამშრომლებს. ამ დროს, როგორც რადიო თავისუფლების ფეისბუკის ლაივში ჩანდა, გაურკვეველ გარემოებებში დააკავეს აქციის ორი მონაწილე. პოლიციელებმა იძალადეს გამოცემა "პუბლიკის" ფოტოგრაფზე, რომელსაც თმას ქაჩავდნენ.


პოლიციამ აქციის მონაწილეები საბოლოოდ აიძულა, პარლამენტის წინა მხარეს, რუსთაველის გამზირზე ჩაწეულიყვნენ.




პოლიცია პარლამენტის შენობის ირგვლივაა განთავსებული, მათ შორის - პარლამენტის უკან მდებარე სკვერშიც.


მოგვიანებით  შსს-ში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. 


4 თებერვალს პარლამენტის შენობაში "უსაფრთხოების ყვითელი დონე" იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს იქ შესვლა შეეზღუდებათ და დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები, ასევე ტელემედია.


შენობაში არ დაიშვებიან ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლები.


მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, უკანონო პატიმრად მიიჩნევა უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და კოლეგების შეფასებით.


ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.


„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.


ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.


29 იანვარს ხელისუფლებას ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ.


30 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს.