ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულთა საქმის განხილვა გადაიდო სასამართლოში ერთ-ერთის გამოუცხადებლობის გამო

0

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გასული წლის 1 დეკემბერს დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო სხდომა ლომიძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

"მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალებით დაკავებული დავით ლომიძის ადვოკატის, დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც სხდომაზე ვერ გამოცხადდა. შედეგად საქმის არსებითი განხილვა გადაიდო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს პენიტენციურმა სამსახურმა გადასცა ოქმი, რომელშიც წერია, რომ დავით ლომიძეს არ სურს სასამართლოში გამოცხადება და უარს აცხადებს დისტანციურ ჩართვაზე. ამას გარდა, აღნიშნულია, რომ ეს ადამიანი გადაყვანილია მე-18 დაწესებულებაში - ციხის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოსვლაზე უარს კი არ აცხადებს, არამედ ფიზიკურად არ შეუძლია. ეს კი პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მიერ მოტანილ დოკუმენტებში ასახული არაა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სხდომაზე არგამოცხადება დავით ლომიძის სურვილია.

დიმიტრი ვარდიაშვილმა თქვა, რომ დავით ლომიძე ბოლოს 2025 წლის 16 იანვარს ნახა და მაშინ უკვე უჭირდა გადადგილება ხერხემლისა და ფეხის ტკივილის გამო. მას სხეულის ამ ნაწილებზე ოპერაცია აქვს გაკეთებული, ტკივილების გააქტიურებას კი ადვოკატი უკავშირებს პოლიციელების მხრიდან ძალადობას დაკავების დროს.

„2025 წლის 16 იანვარს შევხვდი, როცა ჯერ კიდევ გადაადგილდებოდა, მაგრამ უჩიოდა ტკივილს ფეხისა და ხერხემლის არეში. ამ ადამიანს დაუმძიმდა მდგომარეობა და ვერ ახერხებდა გამოსვლას და შეხვედრას. ვფიქრობთ, რომ ნაოპერაციები ადგილის ტკივილის პროვოცირება მასზე განხორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია”, - თქვა ადვოკატმა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ადვოკატს რამდენიმე დღე მისცა ბრალდებულის მოსანახულებლად და მისი მდგომარეობის შესაფასებლად. ამის გამო სხდომა 14 თებერვლამდე გადაიდო.

სასამართლო პროცესებზე დასწრება ბრალდებულის უფლებაა. მას ასევე აქვს უფლება, მოითხოვოს სწრაფი მართლმსაჯულებაც.

დავით ლომიძესთან ერთად "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას ჯგუფურად ედავებიან თემურ ზასოხაშვილსაც. ის ყველა სხდომას ესწრება.

53 წლის დავით ლომიძე პოლიციამ 2024 წლის 1 დეკემბერს აქციაზე ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. მას ბრალი პოლიციის სამმართველოში მიყვანიდან 48 საათში დაუმძიმეს, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული პატიმრობისთვის კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადა სრულად ამოეწურა.

ლომიძეს ბრალად ედება 1 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით. პროკურატურა ამტკიცებს, რომ შედეგად „სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა“. დავით ლომიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 2024 წლის 4 დეკემბერს მოსამართლე ნანა შამათავამ შეუფარდა. ის დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატის თქმით, ლომიძის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებად დევს ორი ვიდეოჩანაწერი და პოლიციელის პატაკი. პროკურატურამ თქვა, რომ დამატებით მტკიცებულებებს გამოძიების პერიოდში მოიპოვებდა. ვიდეოში, ადვოკატის აღწერით, ჩანს ორი ადამიანი, რომლებიც ისვრიან ნივთებს, აქედან ერთი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილია. პოლიციელის პატაკში კი წერია, რომ დავით ლომიძის დანაშაულზე წყაროსგან შეიტყო.

დაკავების დროს, აქციიდან იზოლატორამდე, გზად, სხვა დაკავებულებით სავსე მიკროავტობუსში დავით ლომიძეს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. ის ადვოკატს მოუყვა, რომ დაკავების შემდეგ ხელები ზურგს უკან ცალუღებით შეუკრეს, მიკროავტობუსში ჩასვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ პროცესში მან ცალუღების გაწყვეტა მოახერხა და ხელები სახეზე აიფარა. ფსიქოლოგიური ზეწოლა გაგრძელდა განყოფილებაში.

დავით ლომიძესთან ერთად იყო დაკავების მანქანაში 38 წლის თემურ ზასოხაშვილი. ისიც ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 48 საათის ამოწურვის შემდეგ კი დავით ლომიძის იდენტური ბრალი წაუყენეს.

ზასოხაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებაა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც, მისი ადვოკატის, ირაკლი აბსანძის თქმით, ბრალდებულის ამოცნობა შეუძლებელია. „20-30 მეტრის მანძილიდანაა გადაღებული, სახე არ ჩანს, პარლამენტის განათებები გამორთული იყო. ფეიერვერკები ხელსაც უშლის, არ ჩანს სახე“, - განმარტავს ის.

კიდევ ერთი მტკიცებულება გდდ-ს თანამშრომლის ამოცნობის ოქმია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამართალდამცველმა ზასოხაშვილი არა პირდაპირი წესით, არამედ ფოტოთი ამოიცნო. გდდ-ს თანამშრომელი გამოკითხვის ოქმში ამტკიცებს, რომ მან დაინახა, როგორ ისროლა თემურ ზასოხაშვილმა "მოლოტოვის კოქტეილი" მათ მიმართ და არის დაზარალებულად ცნობილი. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმეში არაფერია ნათქვამი.

თემურ ზასოხაშვილი თბილისში მამასთან ერთად ცხოვრობს. ერთ-ერთ სასტუმროში ტექნიკური პერსონალია. ის ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ აქციებზე პროტესტის გამოსახატად დადიოდა.

ორ თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.

სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 45 ადამიანი.