ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა, ეს არის მზიას დანაბარები - ნონა ქურდოვანიძე

0
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ბოდიშს არ მოუხდის იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ნონა ქურდოვანიძემ დღეს ჟურნალისტი ციხეში მოინახულა და მისი დანაბარები ფეისბუქზე გაავრცელა: 


"მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები. მზია ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას მისდის არაერთი წერილი, რომლითაც შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, მაგრამ არ შეუძლია ამ თხოვნების გაზიარება, რადგან უსამართლობასთან შეგუება ვერ წარმოუდგენია.


ის პასუხისმგებლობას აკისრებს "ქართულ ოცნებას", სოზარ სუბარს, და ყველა იმ პირს, ვინც მის საქმეზე უტიფრულ განცხადებებს აკეთებს", - წერს ნონა ქურდოვანიძე. 


3 თებერვალს, მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ამაღლობელი, რომელიც 23-ე დღეა შიმშილობს, მხოლოდ წყალს იღებს, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.


"ის შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე გრძნობდა, როდესაც მე მას ბოლოს შევხდი. თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს და პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მარტშია ჩანიშნული. ის ასევე უარყოფითად და ემოციურად აფასებს იმ განცხადებებსაც, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან კეთდება. კერძოდ, როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, თითქოს ეს არის შანტაჟი მზიას მხრიდან. მზია ამაღლობელს თავიდანვე ცხადად ჰქონდა ნათქვამი, რომ ის არ ითხოვს შიმშილობის გამო რაიმე შეღავათებს მის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის მისი გადაწყვეტილება იმ უსამართლობის გამო, რომელიც ქვეყანაში ხდება - არა მარტო მის საქმეზე, არამედ ზოგადად. აქედან გამომდინარე, ის პროტესტის ამ ფორმას აგრძელებს", - უთხრა ჟურნალისტებს ნონა ქურდოვანიძემ.


"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სახალხო დამცველს მიმართა, ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შექმნას სპეციალური ჯგუფი. ასევე ითხოვენ რამდენიმე გამოკვლევის ჩატარებას.


საიამ მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია მისი დაკავების შემდეგ პირველად 31 იანვარს მიიღო. ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს და ის რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაშია განთავსებული.


საია სახალხო დამცველს სთავაზობს იმ ექიმების სიის მიწოდებასაც, რომლებიც მზად არიან, ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში.


მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, უკანონო პატიმრად მიიჩნევა უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და კოლეგების შეფასებით.


ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.


„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.


ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.


29 იანვარს ხელისუფლებას ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ.


30 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს.