ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025

NYT: ჩრდილოეთ კორეის სამხედროები დანაკარგების გამო გაიყვანეს კურსკის ოლქის ფრონტიდან

0

ჩრდილოეთ კორეის სამხედროები, რომლებიც რუსეთში, კურსკის ოლქში მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, დიდი დანაკარგების შემდეგ ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს. ამ ცნობას უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს გაზეთი The New York Times-ი.

გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები ფრონტზე უკვე დაახლოებით ორი კვირაა არ შეუმჩნევიათ.

უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა რიგებში დანაკარგების ზრდა გამოიწვია არასათანადო ორგანიზებამ და რუსეთის ქვედანაყოფებთან კოორდინირების არქონამ. ბრძოლის ველზე ჩასვლის მომენტიდან, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები საკუთარ თავს მინდობილნი დარჩნენ, მცირე რაოდენობის ჯავშანტექნიკით. ისინი იშვიათად თუ ჩერდებოდნენ გადაჯგუფებისთვის, - ეუბნება წყარო გამოცემას.

აშშ-ის წარმომადგენლები, რომლებსაც The New York Times-ის ჟურნალისტები ესაუბრნენ, მიიჩნევენ, რომ ფრონტის ხაზიდან ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა გაყვანის გადაწყვეტილება შესაძლოა, დროებითი იყოს. მათი აზრით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები შესაძლოა დაბრუნდნენ დამატებითი მომზადების გავლის შემდეგ ან მას მერე, რაც რუსეთის არმიაში მათი მოქმედების ახალ ფორმებს დაადგენენ, დიდი დანაკარგის თავიდან ასარიდებლად.

დასავლეთის დაზვერვის მტკიცებით, ომში მონაწილეობის მიზნით, რუსეთში შესაძლოა ჩაიყვანეს ჩრდილოეთ კორეის 10 ათასამდე სამხედრო. მოგვიანებით უკრაინის და დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა და სამხრეთ კორეის დაზვერვამ დაადასტურეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა მონაწილეობა კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში. კურსკის ოლქის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი უკრაინის ძალებს აქვთ დაკავებული.

მოსკოვსა და ფხენიანში არ ადასტურებდნენ, თუმცა არც კატეგორიულად არ უარყოფდნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში ყოფნას და ბრძოლებში მონაწილეობას.

გავრცელებული შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა რიგებში დანაკარგები შეადგენს ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანს - თუმცა ამ მონაცემის დამოუკიდებლად დადასტურება არ ხერხდება.

იანვრის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის არმიამ პირველად დაატყვევა ჩრდილოეთ კორეის სამხედროები. ისინი დაკითხეს. ერთ-ერთმა თქვა, რომ რუსეთში ჩავიდა წვრთნის გასავლელად და არა ომში მონაწილეობისთვის. მოგვიანებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, გადასცეს დატყვევებული სამხედროები, თუკი ის ორგანიზებას გაუწევს მათი გაცვლის ოპერაციას რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ მეომრებზე.