ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025

ევროკავშირის ქვეყნები ევროპის საინვესტიციო ბანკს თავდაცვის სექტორის დაფინანსებისკენ მოუწოდებენ

0

ევროკავშირის 19 წევრი სახელმწიფო, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, ევროპის საინვესტიციო ბანკს მოუწოდებს, გასცეს სესხები თავდაცვის მრეწველობისთვის - იმ ფონზე, როცა მომავალში რუსეთის მხრიდან პოტენციური თავდასხმის მოგერიების მიზნით, 27 წევრისგან შემდგარი ბლოკი თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას ცდილობს. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო "როიტერსი".

ერთობლივ წერილში გამოთქმული ეს მოწოდება წინ უსწრებს ორშაბათს დანიშნულ შეხვედრას, რომელზეც ევროკავშირის ლიდერებმა უნდა განიხილონ ბლოკის თავდაცვის სექტორის მომავალი - უკრაინაში რუსეთის შეჭრის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული მოთხოვნის ფონზე, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ.

ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები ფლობენ, არ აქვს უფლება, დააფინანსოს საბრძოლო მასალების, იარაღის ან საომარი აღჭურვილობის წარმოება. ამ აკრძალვის გაუქმებას მთავრობათა უმრავლესობის თანხმობა ესაჭიროება და რამდენიმე სახელმწიფო ამ საკითხს ყოყმანით ეკიდება.

თუმცა ბანკს უფლება აქვს და გასცემს კიდეც სესხებს ორმაგი გამოყენების პროდუქციაზე სამოქალაქო და სამხედრო სფეროებისთვის - იქნება ეს სატელიტები, დრონები თუ სარადარო სისტემები.

ფინეთი, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და შვედეთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ბანკის ხელმძღვანელისადმი გაგზავნილ წერილში ამბობენ, რომ ბანკმა უნდა გადასინჯოს დაუშვებელი მოქმედებების სიას და განიხილოს თავდაცვის სფეროს დაფინანსება. წერილში, რომელსაც სააგენტო "როიტერსი" გაეცნო, ნათქვამია, რომ ეს უნდა მოხდეს ფინანსურ ბაზრებთან და სარეიტინგო სააგენტოებთან კონსულტაციის პარალელურად.

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა - განსაკუთრებით ნეიტრალური სახელმწიფოები, როგორებიცაა ავსტრია, ირლანდია და მალტა - გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ თავდაცვის დაფინანსებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას EIB-ის საფინანსო რეიტინგს და, ამავდროულად, ვერ გადაჭრას ვერც პრობლემა, რომელიც, ამ სახელმწიფოთა აზრით, დაფინანსების ნაკლებობაში კი არა, გრძელვადიან კონტრაქტებშია.

EIB-ის მიმართ გამოთქმული ერთობლივი მოწოდების კოორდინატორი ქვეყანაა ფინეთი - რომელსაც რუსეთთან 1340 კილომეტრის სიგრძის საზღვარი აქვს და რომელიც 2023 წელს გახდა ნატოს წევრი.

EIB არის მსოფლიოს უდიდესი მრავალწევრიანი საფინანსო ინსტიტუცია და სესხების გამცემი, რომლის ბალანსიც 500 მილიარდ ევროს აჭარბებს.