ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025

„ქართული ლეგიონის“ მეთაური სლოვაკეთის ხელისუფლების ბრალდებებს უარყოფს

0

სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტის წევრი ერიკ კალიანიაკი თბილისში „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კალინიანკმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მოჰყვა, რომ განიხილეს „საქართველოში მთავრობის გადატრიალების ცოტა ხნის წინანდელი გეგმა“

ის ირწმუნება, რომ საქართველოსა და სლოვაკეთში საპროტესტო აქციები უცხოეთიდან ფინანსდება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით.

ამ კონტექსტში მან უკრაინის ომში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ახსენა. კალინიაკმა ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც მამულაშვილი გამოსახულია სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ინიციატივის, „მშვიდობა უკრაინის“ წევრ ლუცია შტასელოვასთან ერთად.

გამოცემა Denník N-ი მამულაშვილს დაუკავშირდა. მან გამოცემას უპასუხა, რომ არ იცნობს სლოვაკ ოპოზიციონერებს და არ ადევნებს თვალს სლოვაკეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებს. თავის მხრივ, შტასელოვამ თქვა, რომ მამულაშვილთან ფოტო ორი წლის წინ გადაიღო, რეპორტიორ ტომაშ ფოროს წიგნის პრეზენტაციის ფარგლებში გამართული დისკუსიის შემდეგ, რომელზეც მამულაშვილი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო.

„ქართულმა ლეგიონმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც „გადაჭრით უარყო სლოვაკეთის ხელისუფლების უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდებები“ „პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალებაში“ მონაწილეობის შესახებ.

„ეს განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი დანაყოფის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის გვერდით იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა მამულაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ მსგავსი ბრალდება მანამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ.

„ახლა სლოვაკეთის მთავრობამ გადაწყვიტა იგივე რუსული თამაში ითამაშოს, გადაამუშაოს იგივე ტყუილი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამ ტაქტიკას კარგად იცნობს და არაერთხელ გამოუყენებია კრემლს იმ ადამიანების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მის გავლენას“, - დასძინა მან.

მანამდე თავად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა და რომ იქ ჩავიდა „ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში, ასევე უკრაინის მაიდნის მოვლენებში“.

დღეს, 31 იანვარს, ფიცომ გაიმეორა თავისი მრჩევლის განცხადება იმის შესახებ, რომ "ქართული ლეგიონია" დაკავშირებული სლოვაკეთში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან.

"ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში აქციების ორგანიზების უკან "ქართული ეროვნული ლეგიონი" დგას, ვინმეს ამის დაჯერება სურს თუ არა, "ქართული ეროვნული ლეგიონი" ”ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია”, - თქვა მან პრესკონფერენციაზე.

გარდა ამისა, ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს, სლოვაკეთში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატუშ შუტაი ეშტიკმა განაცხადა.

30 იანვარს გახდა ცნობილი, რომ სლოვაკეთის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში მონაწილეობისთვის ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე დააკავა. სლოვაკეთის ელჩი პაველ ვიზდალი დაიბარეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც უკმაყოფილება გამოუხატეს კიევის მიმართ რესპუბლიკის პოლიტიკის გამო.

კიევსა და ბრატისლავას შორის ურთიერთობებში გართულებების ახალი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის გადატუმბვა შეწყდა. ფიცო ამტკიცებს, რომ სლოვაკეთი წელიწადში დაახლოებით 500 მილიონ ევროს დაკარგავს, რასაც მანამდე ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტისთვის იღებდა ქვეყანა.