ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025

ნაპოვნია ვაშინგტონთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის „შავი ყუთები“ და 40 ცხედარი

0
ვაშინგტონთან, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის რაიონში, მდინარე პოტომაკში ნაპოვნია სამგზავრო თვითმფრინავის ორივე საბორტო თვითჩამწერი, ე.წ. შავი ყუთები.


ეს ინფორმაცია ამერიკულ მედიასაშუალებებს დაუდასტურეს შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოში. „შავი ყუთების“ მონაცემების გაშიფვრა მნიშვნელოვანია კატასტროფის მიზეზის დასადგენად.


ტელეკომპანიები CBS-ი და CNN-ი სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სამძებრო ოპერაციისას უკვე ნაპოვნია, სულ მცირე, 40 დაღუპულის ცხედარი.




29 იანვარს, საღამოს, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk.


თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა. 67-ვე ადამიანი დაღუპულად ითვლება.


30 იანვარს სამძებრო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაღამების შემდეგ შეჩერდა 31 იანვრის დილამდე.




30 იანვარს, საღამოს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დემოკრატების პოლიტიკა გააკრიტიკა.


ტრამპის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, აქვთ მოსაზრება, რომ ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზია პრეზიდენტების, ობამას და ბაიდენის ადმინისტარციების მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიურობის პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა უმცირესობებისა და მოსახლეობის ნაკლებად დაცული ჯგუფების წარმომადგენელთა ხელშეწყობას. ტრამპის აზრით, ამ პოლიტიკამ ხელი შეუწყო არაკვალიფიციური მოხელეების მომრავლებას, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში.


შეკითხვას, რა აძლევს მსგავსი ბრალდების საფუძველს, როცა კატასტროფის მიზეზების გამოძიება სულ ახლახან დაიწყო, ტრამპმა უპასუხა, რომ „საღი აზრი“. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა ტრანსპორტის სამინისტროს დანგრევაში დაადანაშაულა და უცენზურო სიტყვით მოიხსენია პიტ ბუტიჯიჯი, რომელსაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მინისტრის თანამდებობა ეკავა.


ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა ტრამპის განცხადებებს ამაზრზენი უწოდა და სიცრუეში დაადანაშაულა. რესპუბლიკელი პრეზიდენტი გააკრიტიკა სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმაც. მისი განცხადებით, ერთია, როცა შეთქმულების თეორიებს ინტერნეტ-ექსპერტები ავრცელებენ და სულ სხვა საქმეა, როცა ამას აკეთებს აშშ-ის პრეზიდენტი.