ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025

აშშ-ს ყოფილ სენატორს, მენენდესს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

0
ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ყოფილი სენატორი, დემოკრატი ბობ მენენდესი დამნაშავედ ცნო ოქროთი და ნაღდი ფულით ქრთამის აღებაში და უცხო სახელმწიფოს - ეგვიპტის - ინტერესების უკანონო ლობირებაში, რისთვისაც მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


მენენდესი, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო სენატორი ნიუ-ჯერსის შტატიდან და გარკვეულ ხანს ხელმძღვანელობდა სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს, გასული წლის ზაფხულში იძულებული გახდა, გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.


სასამართლო დარბაზში ყოფილმა სენატორმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა მოსამართლეს დანდობა სთხოვა. მენენდესის თქმით, მან ყველაფერი დაკარგა, რაც კი გააჩნდა ცხოვრებაში, თავისი ოჯახის მხარდაჭერის გარდა. განაჩენის გამოცხადებისას, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მენენდესს ჰქონდა კარგი სახელი, რეპუტაცია და ძალაუფლება, მაგრამ მან ეს ყველაფერი პირად გამდიდრებაში გაცვალა.


გამოძიების ვერსიით, სენატორი ქრთამს იღებდა სამი კონკრეტული ბიზნესმენისგან ნიუ-ჯერსის შტატიდან, მათი მფარველობის სანაცვლოდ. ასევე, მან, სავარაუდოდ, მიიღო გასამრჯელო ეგვიპტის ხელისუფლებისგან ამ ქვეყნის ინტერესებისთვის ხელშეწყობის, კერძოდ, აშშ-ს სამხედრო დახმარების შესახებ კაიროსთვის ხელსაყრელი გარიგებების მიღწევისთვის.


მენენდესის სახლის გაჩხრეკისას, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღმოაჩინა 500 ათასამდე დოლარი ნაღდი ფული და ასევე, ოქროს ზოდები.


თავად ყოფილი სენატორი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და აპირებს, გაასაჩივროს განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც დემოკრატი, ის დიდი ხნის განმავლობაში ახლანდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოპონენტი იყო, თავის განცხადებაში მენენდესი დაეთანხმა ტრამპის აზრს - რომელიც თავად ცნეს დმნაშავედ სისხლის სამართლის საქმეზე - სასამართლოს პოლიტიზების შესახებ ნიუ-იორკში და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი აღადგენს ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ.


მენენდესი გახდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე ამერიკელ სენატორთაგან, რომლებიც დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის საქმეში. ამასთან, საუბარია უკვე მეორე პროცესზე. 2018 წლის ნოემბერში, ის კორუფციის საქმეზე არ გაასამართლეს ნაფიც მსაჯულთა არასაკმარისი ხმების გამო.