ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
31

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

0

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი პატიმრობაში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიება წინასასამართლო სხდომაზე გადაიხედა. თედო აბრამოვის ადვოკატები პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა. პროკურატურა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით ასაბუთებდა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას.

სასამართლოზე ითქვა, რომ თედო აბრამოვი ცხოვრობდა საბერძნეთში, მისი მშობლები ემიგრაციაში არიან, რაც მიმალვის რისკს აჩენს.

თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. მან სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დაკავების დროს „არაადამიანურად მოეპყრნენ" და „შეურაცხმყოფელი სიტყვებით“ მიმართეს.

დაკავების დროს უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ადვოკატებმა მიმართეს გენერალურ პროკურატურასაც, თუმცა უწყებას გამოძიება არ დაუწყია.

თედო აბრამოვის საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს დაიწყება.

22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩხრეკისას მას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.