ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30
31

ბელარუსის ოფიციალური ეგზიტპოლის თანახმად, ლუკაშენკას ამომრჩეველთა 87,6% უჭერს მხარს

0

ბელარუსში დაიხურა საარჩევნო უბნები და დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების პროცედურა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTa იტყობინება, რომ ეგზიტპოლების თანახმად, ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ამომრჩეველთა 87,6% უჭერს მხარს.

ამავე მონაცემებით, გრაფა „ყველას წინააღმდეგ“ მონიშნა 5,1%-მა. სხვა კანდიდატების შედეგები ასეთია: სიარჰეი სირკანოვი - 2,7%, ალეჰ ჰაიდუკევიჩი - 1,8%; ანა კანაპაცკაია - 1,6%; ალიაქსანდრ ხიჟნიაკი - 1,2%.

კენჭისყრის წინასწარ შედეგებს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია 26-27 იანვრის ღამით გამოაცხადებს.

ცესკოს თანახმად, ამომრჩეველთა აქტიურობა 85% იყო. ამჯერად საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არ გახსნილა.

არჩევნებზე არ ყოფილან ოფიციალური დამკვირვებლები ეუთოდან და დასავლეთის ქვეყნებიდან. ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაპატიჟა ეუთოს დამკვირვებლები, მაგრამ მათ უარი თქვეს ჩასვლაზე. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მიწვევა მიიღეს კენჭისყრამდე მხოლოდ 10 დღით ადრე და დამკვირვებელთა მუშაობის ორგანიზება უკვე შეუძლებელი იყო. ამავე დროს ბელარუსის ცესკო ამტკიცებს, რომ არჩევნებს აკვირდებოდა 52 ქვეყნის 486 დამკვირვებელი და 44361 ადგილობრივი დამკვირვებელი.

ბელარუსის ხელისუფლება არ იტყობინება არჩევნების პროცესში რაიმე მსხვილი დარღვევების შესახებ.

კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოცქსელ X-ში დაწერა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე ანასტასია ნიუფერი. მანამდე არ გავრცელებულა ინფორმაცია მისი დაკავებისა და ამის მიზეზების შესახებ, ნიუფერი არ ფიგურირებს არც უფლებადამცველთა სიებში. ბელარუსის უფლებადამცველი ცენტრი „ვიასნა“ წერს, რომ ანასტასია 48 წლისაა. ფეისბუკში მისი უკანასკნელი პოსტი 2024 წლის 7 დეკემბრით თარიღდება. როდის დააკავეს აშშ-ის მოქალაქე და რაში დაადანაშაულეს ის, ცნობილი არ არის. რუბიომ დაწერა, რომ ის დააკავეს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას და რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ლიდერობის წყალობით“ გაათავისუფლეს.

70 წლის ალიაქსანდრ ლუკაშენკას 1994 წლიდან უკავია ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა. ევროპარლამენტი არჩევნებს არ ცნობს 2020 წლის აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლებისა და მომიტინგეთა და ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიების შემდეგ.

ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ ვარშავაში ბრიფინგზე გამოსვლისას 26 იანვრის არჩევნებს ფარსი და იმიტაცია უწოდა. „დღეისთვის აშშ-მა და ეუთოს 37-მა ქვეყანამ უკვე გააკეთეს განცხადებები ამ არჩევნების არაღიარების შესახებ,“ თქვა მან.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა შაბათს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ლუკაშენკა 30 წელია ძალაუფლებას ეპოტინება. ხვალ ის კიდევ ერთხელ წამოაყენებს თავის კანდიდატურას მორიგ იმიტაციურ არჩევნებზე. ეს არის დემოკრატიის აშკარა შეურაცხყოფა“. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ მხარდაჭერა გამოუცხადა ბელარუს ხალხს, ასევე ყალბი უწოდა არჩევნებს ბელარუსში. „ჩემი გზავნილი ბელარუსის ხალხს: იყავით მტკიცენი, ჩვენ მხარს დაგიჭერთ, დიქტატურის დრო დასრულდება. დემოკრატია გაიმარჯვებს“, წერს ის.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები დახურეს. პოლიტიკურმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქციები გამართეს ვილნიუსში, რიგაში, ვარშავაში, პრაღასა და სხვა ქალაქებში.