ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30
31

აშშ-ის სენატმა პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაამტკიცა

0
აშშ-ის სენატმა დაადასტურა პიტ ჰეგსეტის კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის პოსტზე.


სენატში კენჭისყრა გაიყო პარტიული ნიშნით - 51-50. წონასწორობა ვიცე-პრეზიდენტმა ჯ. დ. ვენსმა დაარღვია ჰეგსეთისთვის გადამწყვეტი ხმის მიცემით. აშშ-ის ისტორიაში ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ასევე სენატის თავმჯდომარეა, გადამწყვეტი როლი ითამაშა ხმების თანაბრად გაყოფის შემდეგ.


ამ თვის დასაწყისში ჰეგსეთის კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით სენატში გამართულ მოსმენაზე ჰეგსეთმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ქვეყნის არმიას ანგარიშვალდებულებას დაუბრუნებს.


ჰეგსეთმა მხარდაჭერა მიიღო სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარისგან, როჯერ უიკერისგან, რომელმაც თქვა, რომ ნომინანტი „პენტაგონში მეომრის ახალ სულს შეიტანს“.


ამასთან, ჰეგსეთი სენატში დემოკრატების მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა თავისი განცხადებების გამო იმ ქალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ, რომლებიც მსახურობენ ჯარში. მის წინააღმდეგ გაისმა ასევე ბრალდებები სექსუალური ძალადობის, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ფინანსური გადაცდომის შესახებ, როდესაც ხელმძღვანელობდა ორ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლებიც ვეტერანებს ემსახურებიან.




44 წლის პიტ ჰეგსეთი ერაყში ქვეითთა ოცეულს მეთაურობდა და ავღანეთში მსახურობდა. სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა Fox News-ის კორესპონდენტად და წამყვანად. შარშან 13 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა.


ჰეგსეთმა ადრე თქვა, რომ თანამდებობაზე დადასტურების შემთხვევაში მისი პრიორიტეტები კონცენტრირებული იქნება ჩინეთის მხრიდან საფრთხეზე, აშშ-ის თავდაცვის საკითხებზე და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. ჰეგსეთმა ასევე პირობა დადო, რომ აღადგენს სამხედროების მორალურ სულს და დაასრულებს მრავალფეროვნების პროგრამებს, რომლებიც, მისი აზრით, საზიანოა დამსახურებაზე დაფუძნებული არმიის შესაქმნელად.


ჰეგსეთი იქნება პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც უმცროს ოფიცრად მსახურობდა ფრონტის ხაზზე და პირველი მინისტრი, რომელიც წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეების თაობას, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ იბრძოდნენ სამხედრო კონფლიქტებში.


პენტაგონი კურირებს სამ მილიონზე მეტ სამხედროს და განკარგავს 857 მილიარდ დოლარს.