ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26
27
28
29
30
31

"მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას საკანონმდებლო ზომებმა ძირი არ უნდა გამოუთხაროს" - ო'ფლაჰერტი

0
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი 21-23 იანვარს საქართველოში იყო. მისი ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ინტენსიური" კომუნიკაცია შედგა "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.


კომისარი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის უფლებების სერიოზული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.



"კომისარი ო'ფლაჰერტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ 2024 წლის აპრილში და 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ სამართალდამცავებისა და დაუდგენელი ნიღბიანი პირების (ე.წ. "ტიტუშკების") მიერ უკანონო დაკავებებისა და ძალის გადამეტების ბრალდებებზე პასუხისმგებლობა არავის დაეკისრა.


ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუმცა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის მრავალი სანდო ცნობის მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცავის მიმართ სისხმისამართლებრივი დევნა არ დაწყებულა", - წერია განცხადებაში.


კომისარი, ასევე შეშფოთებას გამოხატავს საპროტესტო აქციებთან მიმართებით დაწესებული ახალი შეზღუდვების, მათ შორის "შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში", ასევე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესული ცვლილებების გამო, რაც მოიცავს - მომიტინგეების მიერ სახის დაფარვის აბსოლუტურ აკრძალვას, ადმინისტრაციული დაკავების, ჩხრეკისა და ამოღების გაფართოებულ საფუძველს და უფრო მკაცრ ჯარიმებს აქციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.


"კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ზომებით ძირი არ გამოუთხაროს", - განაცხადა კომისარმა.


კომისარმა, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებზეც აღნიშნა: „ვწუხვარ, რომ ეს ადამიანის უფლებებისადმი მგრძნობიარე კანონები ნაჩქარევად მიიღეს, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე“.


განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან შეხვედრისას კომისარმა წამოჭრა გამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც საქართველოში ვიზიტისას მან ციხეში მოინახულა. მზია ამაღლობელი შიმშილობს მას შემდეგ, რაც 12 იანვარს დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.


"მიმაჩნია, რომ მისი წინასწარი პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მისი მდგომარეობით", - თქვა კომისარმა.




58 დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.


მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.