ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

ნატოს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ ტრამპის წინადადებას ხარჯის მშპ-ის 5 პროცენტამდე გაზრდის შესახებ

0
ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, რომლებიც 9 იანვარს გერმანიაში მართავდნენ შეხვედრას, სკეპტიციზმი გამოხატეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადების მიმართ - რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის  (მშპ) 5 პროცენტამდე უნდა გაზარდონ.


უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მინისტრებმა თქვეს, რომ მშპ-სთან შეფარდებით გამოთვლილ ხარჯზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, შეუძლიათ თუ არა ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ამოცანების დაკმაყოფილება. 


"რიცხვები და პროცენტები ამ ეტაპზე არ გვეხმარება. ძლიერი მშპ-ის ორი პროცენტი შესაძლოა ბევრი იყოს და სუსტი მშპ-ის სამნახევარი პროცენტი შეიძლება იყოს ძალიან ცოტა" - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა. 


ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანიაში მშპ-ის ხუთი პროცენტი ფედერალური ბიუჯეტის 40 პროცენტამდე მოცულობისაა. 


"არ ვიცი რომელი ქვეყანა შეძლებს თავს ამის უფლება მისცეს. ამდენად, ეს არაა პროცენტების საკითხი. მთავარია ნატოს შესაძლებლობათა სამიზნეები იყოს დაკმაყოფილებული" - თქვა პისტორიუსმა. 


ტრამპმა 5 პროცენტის დახარჯვის წინადადება გამოთქვა 7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, რითიც კიდევ ერთხელ გაიმეორა განაცხადი, რომ ევროპელი მოკავშირეები საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვისთვის. 


აშშ თავდაცვაზე ხარჯავს მშპ-ის 3,38 პროცენტს, თუმცა აშშ-ის ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, ეს თანხა ნიშნავს ნატოს სრული ხარჯების 60 პროცენტზე მეტს. 


ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აშშ-მა საკუთარი მზაობა უნდა აჩვენოს ხარჯის 5 პროცენტამდე გაზრდისთვის. მისი თქმით, ამით ხარჯი 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. 


ლატვია ნატოს იმ რამდენიმე წევრს შორისაა, რომლებიც თავდაცვაზე უკვე ხარჯავენ მშპ-ის 3 პროცენტზე მეტს, თუმცა ის ხარჯის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს. 


"მიმდინარე წლის შენატანია მშპ-ის 3,4 პროცენტი. მომავალ წელს ეს გაუტოლდება 3,7 პროცენტს. ახლახან პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოხატეს ნება, რომ 4 პროცენტამდე ავიდეთ" - უთხრა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა რადიო თავისუფლებას.


მისი თქმით, ხარჯის მასშტაბი მიუთითებს მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეების გაცნობიერების ხარისხზე. 


"ცივი ომის წლებში... ეს იყო საშუალოდ 4 პროცენტი. ამიტომაცაა, რომ უწინ განხილული 2 პროცენტი არაა საკმარისი" - თქვა სპრუდსმა. 


ხარჯის ახალი სამიზნის დაწესებას დაჭირდება ნატოს 32-ვე წევრის თანხმობა. 


ივლისისთვის ალიანსის ქვეყნებმა მიაღწიეს მშპ-ის 2 პროცენტის მიზანს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ეს მონაცემი აღირიცხა ევროპის რამდენიმე წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში - გერმანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში - და თურქეთში.