ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ - საია აპირებს ჰააგას მიმართოს

0

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აპირებს, მიმართოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. საიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სისტემური დანაშაულები და რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.

საია ყოველდღიურად ეხმარება აქციებზე დაშავებულ ადამიანებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლება საქართველოს ათასობით მოქალაქეს არბევს, დევნის და აპატიმრებს. არაერთი მტკიცებულებითა და მოწმის ჩვენებით დადასტურებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური სადამსჯელო რაზმები მომიტინგეებს ალყაში აქცევენ და განურჩევლად ურტყამენ, მათ შორის - ქალებს, ბავშვებს, შშმ პირებს, მედიის წარმომადგენლებს.

დანაშაულის ფაქტები სახელმწიფოს მხრიდან გამოუძიებელი რჩება, სასამართლოები კი პირიქით, უკანონოდ დაკავებულ და ნაწამებ მომიტინგეებს სჯიან.

„საია შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება“, - განაცხადა საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ.

„ჰააგის სასამართლო საქმეებს იძიებს ინდივიდების წინააღმდეგ, უფრო ხელმძღვანელ პირებზე კონცენტრირდება. დაზარალებულისთვის კომპენსაცია არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ქართულ რეალობაში მათთვის ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, სამართალს მიაღწიონ, - ამბობს საიას იურისტი დავით ჯავახიშვილი, - ხალხს შეუძლია მოგვმართოს, ამ შემთხვევაში ანონიმურობაც გარანტირებულია“.

ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ხელისუფლება აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს.