ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ირაკლი კობახიძე საჯარო მოხელეების პროტესტზე: „ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება“

0
3 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ „საჯარო სამსახურის თვითწმენა“ უწოდა პროტესტის ნიშნად საჯარო სამსაჯხურებში დასაქმებული ადამიანების მიერ გავრცელებული განცხადებები, რომლებშიც გამოხატული იქნა უკმაყოფილება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.




„თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ყველა მოქმედებაზე იქნება სათანადო რეაგირება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. გასული დღეების განმავლობაში, უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი. ამ რესურსის გამოყენება მათ შეეძლოთ ამ გაზაფხულზეც, ან წინა გაზაფხულზე, ან 2022 წლის ივნისშიც, თუმცა ხედავდით, რომ გარკვეულ რესურსებს იტოვებდნენ და ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, საჯარო სამსახურში, მათ გამოიყენეს, სწორედ, ამ დღეებში, თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ საბოლოო ჯამში „ნაცმაიდნის“ წარმატებისთვის. <...> ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება, ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსასმენად, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წუხან „ნაცმაიდნის“ მცდელობის გამო და იმ ვითარების გამო, რომელიც შექმნეს რადიკალურმა პოლიტიკოსებმა ამ დღეების განმავლობაში, ჩვენს დედაქალაქში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.


საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.


28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.


შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.