ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

საპროტესტო აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული ბიჭი რეანიმაციაში რჩება

0
თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას 3 დეკემბერს, გამთენიისას დაშავებულ 21 წლის ალექსი თირქიას, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა აქვს მოხვედრილი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.


დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად სახეში, წარბის არეში მოხვდა ე.წ. გაზის კაფსულა. 


ბიძის ინფორმაციით, ბიჭს მხედველობა დაზიანებული არ აქვს, მაგრამ ქსოვილების აღსადგენად ოპერაცია შეჩერდა შეშუპების გამო.


„ალექსი არის ძალიან უწყინარი, ყველაზე საყვარელი ბავშვი, რომლის მშობლებიც არიან ეხლა ემიგრაციაში. აყვავებული ქვეყნიდან არიან წასულები ლუკმაპურის საშოვნელად“, - განაცხადა იოსებ ჩანადირმა. მისი თქმით, ალექსის მშობლები მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან.




ინგოროყვას კლინიკის ექიმ ნინო ხარაიშვილის ინფორმაციით, პაციენტი მიიღეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. ექიმმა მედიას უთხრა, რომ თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე ამ დროისათვის შენარჩუნებულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევის გამო დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საოპერაციო ბლოკში და ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა.


3 დეკემბრის დღის ორი საათისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ და გრძელდება რეანიმაციული მკურნალობა. ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. ექიმის თანახმად, ჭრილობაში უცხო სხეული არ უნახავთ.




თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.


მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.


საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.