ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

„ევროპა იწყება ლაგოდეხიდან“ - ლაგოდეხში ევროინტეგრაციის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

0
ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნებით ლაგოდეხელებმა  ქალაქის ქუჩებში  მსვლელობა მოაწყვეს,  შემდეგ კი საკრებულოს და მერიის შენობებთან აქცია გამართეს.  აქციაზე იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები, პედაგოგები, ექიმები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვები.


აქციის მონაწილეებმა მერიასა და საკრებულოში დასაქმებულებს მოუწოდეს, აქციას შეერთებოდნენ და მათთან ერთად გაეპროტესტებინათ ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლითაც 2028 წლამდე შეწყდა ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.


ლაგოდეხის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგს, თამარ გახელაძეს მიაჩნია, რომ  მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის დამღუპველია.


„ახლა უნდა გაიღვიძოს თითოეულმა პატარა ქალაქმა, იმისთვის რომ შევიდეთ ნაოცნებარ ევროპაში“ - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. 


ლაგოდეხში გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, რეგიონში ცნობილი ქირურგი, კლინიკა „კელაპტრის“ ხელმძღვანელი გია ლობჟანიძე.


„ჩვენმა ქვეყანამ ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოების ქოლგა მოიხსნა, არ გვჭირდებაო. სინამდვილეში, მათ ქვეყანა სხვაგან მიჰყავთ და ამიტომ არ უნდათ ევროპა. ამას ისე აკეთებენ რომ ყველამ ყველაფერი ვიცით. ჩვენ გვმართებს წინააღმდეგობა გავწიოთ, არ უნდა შევიდეთ იმ წრეზე, საიდანაც გამოსვლა ძალიან ძნელია“ - მიმართა გია ლობჟანიძემ აქციის მონაწილეებს.


ევროკავშირთან ინტეგრაციის აღდგენის მოთხოვნით 2 დეკემბერს საპროტესტო აქციები გაიმართა ახმეტაში, ყვარელში, სიღნაღში, გურჯაანსა და თელავში.


თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აქციის გამო  ლექციებს არ დასწრებია. 




28 ნოემბერის შემდეგ პროევროპული აქციები იმართება როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, თელავში, გორში, ხაშურში, ახმეტაში, დმანისში, ახალქალაქში. 


საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.


მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.


2 დეკემბრის დილის მონაცემებით, შსს-ს ცნობით, ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 224 ადამიანი. პოლიცია მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაუმორჩილებლობას ედავება. საქალაქო სასამართლოში სხდომები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.