ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

„ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, რომ არ სურთ 2028 წლამდე მოლაპარაკების გახსნა ევროკავშირთან

0
„ყველაფერი გასაგებია“, - ამ ორი სიტყვით ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან დაკავშირებით.


საელჩომ გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის ის სიტყვები, რომლებიც მან 28 ნოემბერს წარმოთქვა ბრიფინგზე:


„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“.




პირველ დეკემბერს ირაკლი კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტის, სტივ როზენბერგის კითხვაზე პასუხად განაცხადა: „ჩვენ არაფერი არ შეგვიჩერებია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს უბრალოდ ტყუილია“.


30 ნოემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სათაურით - „საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე“.


ეს მოჰყვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ დაძაბულობას რამდენიმე თვის განმავლობაში და გაუარესებულ ურთიერთობებს.


„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ დეკემბერს „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ.


აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს „მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა" დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას.


ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „პრინციპული მნიშვნელობა” არ აქვს, ამიტომ ახალ ადმინისტრაციას დაელოდებიან და „მასთან ისაუბრებენ ყველაფერზე“.




რადიო თავისუფლებამ ირაკლი კობახიძეს ისიც ჰკითხა, იცნობენ თუ არა საქართველოს ხელისუფლებისადმი ჰელსინკის კომისის ხელმძღვანელის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კრიტიკულ პოზიციას, მით უმეტეს, რომ უილსონი საგარეო ურთიერობათა კომიტეტის მომავალ თავმჯდომარედ განიხილება ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში.


„მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია. რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა“, - განაცხადა მან.


ჯო უილსონი ტრამპის გუნდის წევრია, - იგი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების ინიციატორია.


2 დეკემბერს საელჩო განცხადებამდე აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა: „სანწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა“.