ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება
ოკუპირებული აფხაზეთის „ეროვნულმა კრებამ“ ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს დანიშნა. როგორც ე.წ. პარლამენტის სხდომაზე განაცხადეს, „არჩევნების“ ჩატარება 20-25 მლნ რუბლი დაჯდება.
ასლან ბჟანიამ დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ პოსტი 19 ნოემბერს დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. ბჟანია დროებით ჩაანაცვლა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ.
„აფხაზეთის კონსტიტუციით“, ე.წ. არჩევნები სამთვიან ვადაში უნდა ჩატარდეს.
ბჟანიამ უკვე განაცხადა, რომ „არჩევნებში“ მონაწილეობას მიიღებს. ოპოზიციური კანდიდატების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაზუსტებულა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება 15 ნოემბრიდან დაიძაბა. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და დე ფაქტო პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას, გადადგომა მოითხოვეს.
15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტს უნდა განეხილა ადგილობრივი ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის გამომწვევი ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. ეს შეთანხმება რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და არაერთ შეღავათს.
საპროტესტო გამოსვლების გამო ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მზადდებოდა დოკუმენტი სადავო კანონპროექტის გასაწვევად და ამის მიზანი ვითარების სტაბილიზაცია იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად ე.წ. სამთავრობო კომპლექსის შენობებში შეიჭრნენ.
18 ნოემბერს დაიწყო აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკება, რომელიც 19 ნოემბერს შეთანხმებით დასრულდა. ასლან ბჟანია გადადგომას დასთანხმდა, ადგილობრივმა ოპოზიციამ კი ე.წ. სამთავრობო კომპლექსი დატოვა.