ისრაელმა გააძლიერა ცენტრალური ღაზის დაბომბვა, დაღუპულია 17 ადამიანი
ისრაელის არმიის თავდასხმებს 28 ნოემბერს ღაზის სექტორში ემსხვერპლა, სულ მცირე, 17 ადამიანი - აცხადებენ ექიმები იმ ფონზე, როცა გაძლიერდა ღაზის ცენტრის დაბომბვა ისრაელის მხრიდან, ხოლო ისრაელის ტანკები უფრო ღრმად შევიდნენ ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ არეალებში.
ექიმების თქმით, ექვსი ადამიანი დაიღუპა ორი საჰაერო თავდასხმის შედეგად სახლზე და ბეით-ლაჰიაში მდებარე კამალ ადვანის საავადმყოფოზე ჩრდილოეთ ღაზაში, კიდევ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის მხრიდან მოტოციკლზე მიტანილ დარტყმას ხან- იუნისში, ღაზის სამხრეთში. ისრაელის თვითმფრინავებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს ღაზის რვა ლტოლვილთა ბანაკიდან ერთ-ერთზე, ნუსეირათზე - საჰაერო შეტევის შედეგად განადგურდა მრავალსართულიანი შენობა, დაიჭრა, სულ მცირე, შვიდი ადამიანი.
მედიკოსების ინფორმაციით, ნუსეირათზე სატანკო შეტევას ემსხვერპლა, სულ ცოტა, ორი ადამიანი, ქალი და ბავშვი, ახლომდებარე სახლზე ერთ-ერთმა საჰაერო თავდასხმამ იმსხვერპლა კიდევ ხუთი ადამიანი.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების გამართვის ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია. ამ ეტაპზე მოლაპარაკება შეჩერებულია ისრაელსა და აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს შორის.