ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30

ისრაელმა მოიწონა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

0

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. Reuters-ის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა ლიბანს შეატყობინა, რომ შეთანხმება ძალაში შევა ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე.

„ისრაელი აფასებს აშშ-ის წვლილს ამ პროცესში და იტოვებს უფლებას, იმოქმედოს თავისი უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი მუქარის წინააღმდეგ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრები ჰქონდა ისრაელისა და ლიბანის პრემიერ-მინისტრებთან - თითოეულმა მათგანმა თქვა, რომ მათმა მთავრობებმა მოიწონეს შეთანხმება.

„ჰამასმა ახლა არჩევანი უნდა გააკეთოს. მათი ერთადერთი გამოსავალია, გაათავისუფლონ მძევლები, მათ შორის ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც მათ ჰყავთ დაკავებული. ამ პროცესის მსვლელობისას აუცილებელია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, რაც შესაძლებელს გახდის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას. უახლოეს დღეებში შეერთებული შტატები კვლავ შეეცდება თურქეთთან, ეგვიპტესთან, კატართან, ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან ერთად მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში“, - განაცხადა ბაიდენმა. (რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.)

ისრაელის ერთადერთი მინისტრი, რომელმაც ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინააღმდეგ მისცა ხმა, იყო ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი. მან ადრე თქვა, რომ შეთანხმების წინააღმდეგი იქნება და მას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა.

სამშაბათს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ლიბანური რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლას ხელახალი შეიარაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება შეთანხმების დარღვევა და ასეთ შემთხვევაში ისრაელი „მკაცრ რეაგირებას მოახდენს“. ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ თუ ჰეზბოლა დაარღვევს შეთანხმებას, ისრაელი მას დაარტყამს.

ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ ერთ წელზე მეტი ხნის ბრძოლების შემდეგ „ეს არ არის იგივე ჰეზბოლა“ და რომ ისრაელის სამხედროებმა დაჯგუფება „ათწლეულებით უკან“ დახიეს. მისი სიტყვებით, არმიას დასვენება სჭირდება და მისი ყურადღება მიმართული უნდა იყოს ირანისგან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საზავო გეგმა ითვალისწინებს ლიბანიდან ისრაელის ჯარების გაყვანას 60 დღის განმავლობაში. ისრაელმა სასაზღვრო ტერიტორიების კონტროლი ლიბანის სამთავრობო არმიას უნდა გადასცეს, ჰეზბოლამ კი მძიმე შეიარაღება მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით უნდა გაიყვანოს. შეერთებულმა შტატებმა უნდა აკონტროლოს სამშვიდობო გეგმის შესრულების მსვლელობა და ისრაელს მისცეს მისი მხარდაჭერის გარანტიები, თუ ჰეზბოლა დაარღვევს ზავს.

ჰეზბოლა შეერთებულ შტატებსა და ისრაელში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა მისი გასამხედროებული ფრთა და არა პოლიტიკური პარტია, რომელიც ლიბანის პარლამენტში არის წარმოდგენილი საკუთარი დეპუტატებით.