ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30

ისრაელი შეწყვეტს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჩასახლებული ებრაელების დაკავებას

0
ისრაელის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ შეწყვეტს პალესტინელთა ტერიტორიაზე, ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჩასახლებული ებრაელების ადმინისტრაციულ დაკავებას - დაპატიმრების ფორმას, რომელსაც ისრაელი ინტენსიურად იყენებს პალესტინელების წინააღმდეგ.


ამის შესახებ განაცხადა 22 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ.


პალესტინელთა ავტონომიამ დაუყოვნებლივ დაგმო ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ის „წააქეზებს ექსტრემისტულად განწყობილ მოსახლეებს პალესტინელების, მათი მიწის და ქონების წინააღმდეგ ტერორისტული ქმედებაზე და მისცემს დაუსჯელობის და დაცულობის განცდას“.


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელისთვის „შეუფერებელია“ ადმინისტრაციული დაკავების ფორმა გამოიყენოს მოსახლეების მიმართ, რომლებსაც „სერიოზულად ემუქრებათ პალესტინელთა მხრიდან ტერორი და დაუსაბუთებელი საერთაშორისო სანქციები“.


წელს აშშ-მა და ევროკავშირმა ექსტრემისტ მოსახლეებს დაუწესეს სანქციები, ხოლო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა წინადადება წამოაყენა, გავრცელებულიყო სანქციები მათ მხარდამჭერებზე ისრაელის მთავრობაში.


კაცმა განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროზე დამნაშავეობის წინააღმდეგ სასამართლო დევნას და „სხვა პრევენციულ ზომებს", მიიღებენ.


ისრაელში მოქმედმა  სამეთვალყურეო - სამშვიდობო ორგანიზაციამ, Peace Now-მ განაცხადა, რომ დაკავება ერთ-ერთია იმ მცირე ეფექტიან საშუალებებს შორის, რომელიც ისრაელის ხელისუფლებას აქვს პალესტინელებზე მოსახლეების თავდასხმების თავიდან ასაცილებლად და ნაბიჯს „ცინიკური“ უწოდა.


ამგვარი თავდასხმების რიცხვი გაიზარდა შარშან ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.


დაპატიმრების ეს ფორმა პალესტინაში ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის დროს წარმოიშვა და ის ხელისუფლებას ნებართვას აძლევსადამიანები ბრალდების და სასამართლოს გარეშე  ამყოფოს საპატიმროში ექვსი თვის განმავლობაში და ეს ვადა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.


ამ ფორმას ხშირად იყენებენ პალესტინელების წინააღმდეგ, რომლებსაც ისრაელი საფრთხედ მიიჩნევს. AFP-ს „პალესტინელი პატიმრების კლუბმა”- უფლებადამცავმა ჯგუფმა აგვისტოში აცნობა, რომ ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება 3432 პალესტინელი.


ისრაელის გაზეთის, Haaretz-ის თანახმად, ნოემბრის მონაცემებით, დაკავებულ ებრაელ მოსახლეთა რიცხვი რვაა.


ისრაელის განცხადება მოჰყვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და იოავ გალანტის მიმართ დაპატიმრების ორდერის გაცემას. სასამართლოს თანახმად, ისინი ეჭვმიტანილი არიან კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულში კონფლიქტის დროს, რომელიც შარშან 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) თავდასხმას მოჰყვა.


ამას გარდა, 18 ნოემბერს ვაშინგტონმა გამოაცხადა სანქციების ახალი წყების შესახებ, რომელიც მიმართულია პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაელთა დასახლებების მხარდამჭერი მოძრაობა „ამანის“ და სხვა პირების წინააღმდეგ, რომლებზეც ეჭვი აქვთ, რომ „იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მოძალადე სუბიექტებთან კავშირში“ არიან.


ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ულტრანაციონალისტმა მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა მთავრობას მოუწოდა, საერთაშორისო სასამართლოს ორდერებს უპასუხოს მთელი ოკუპირებული იორდანეს დასავლეთი ნაპირის, რომელიც პალესტინელებს თავიანი მომავალი სახელმწიფო ნაწილად მიაჩნიათ, ანექსიით.


ისრაელის მიერ ანექსირებული აღმოსავლეთი იერუსალიმის გარდა, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ცხოვრობს სამი მილიონი პალესტინელი, ასევე 490 ათასამდე ისრაელელი, რომლებიც გაეროს თანახმად საერთაშორისო სამართლის დარღვევით დაფუძნებულ დასახლებებში ბინადრობენ.