აქციაზე დაკავებული ალექსანდრე ქავთარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება
19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსანდრე ქავთარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება.
დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მან უწყებას 19 ნოემბერს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მიმართა. იზოლატორი მან 21 ნოემბერს, დილით დატოვა:
„ჩემი დაკავება დაიწყო იმის შემდეგ, რაც გამოვექომაგე გვერდით მყოფ ადამიანს, რომელზეც მიმდინარეობდა ძალადობა. იმას დაკავება არ ჰქვია, როგორც ამ ადამიანს ექცეოდნენ. ვეუბნებოდი: ფრთხილად, ნელა, ადამიანურად.
და მას შემდეგ, რაც იმ ადამიანს ხელი გაუშვეს, გადმოვიდნენ ჩემზე. როდესაც მანქანაში ჩამსვეს ძალის გამოყენებით, ერთმა პოლიციელმა კეფაში ჩამარტყა ხელი და მეორე პოლიციელი, რომელმაც თავიდან დაიწყო ჩემი დაკავება, გამოირჩეოდა განსაკუთრებული ძალადობით. და არა მარტო ფიზიკური, არამედ სიტყვიერითაც - სახეში მირტყამდა და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას“, - თქვა ალექსანდრე ქავთარაძემ სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე.
სამართალდამცავები ალექსანდრე ქავთარაძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.
უწყება კომენტარს არ აკეთებს იმაზე, ამ კონკრეტული საჩივრის გარდა, კიდევ რამდენ საჩივარზეა დაწყებული გამოძიება.
19 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი 14 დემონსტრანტი და აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო კლინიკაში გადაყვანილი ორი პირი.
როგორც სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მათგან 10 ამბობს, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ან ძალის გადამეტების მსხვერპლია.
"სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება - ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად.
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცა, რომელშიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია ასახული", - წერია განცხადებაში.
აქციებზე დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების ფაქტებზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულზე, აპრილსა და მაისში, აქვს გამოძიებები დაწყებული. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე მაშინ აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.
დაკავებულებიდან ნახევარზე მეტი მიუთითებდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე. მათ შორის რამდენიმეს კლინიკაში მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჯამში 138 შეტყობინება შევიდა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.
გამოძიებას, შვიდის თვის თავზე, ჯერ არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია, რომლებმაც სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს აქციის მონაწილეების მიმართ.
19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.
პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა (მუხლი 173) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (მუხლი 166) 19 ნოემბერს დააკავეს 16 პირი. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დაკავებულთაგან სამი პირის სასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა 20 ნოემბერს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ერთ-ერთ დაკავებულს 2700- ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ორი დაკავებული კი 8-8 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.