ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28
29
30

აშშ-ის საელჩომ კიევში მუშაობა განაახლა

0
კიევში მუშაობა განაახლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელიც 20 ნოემბერს დროებით დახურეს შესაძლო მასშტაბური საჰაერო შეტევის გამო. 20 ნოემბერს მუშაობა შეაჩერეს იტალიის, ესპანეთის და საბერძნეთის საელჩოებმაც.


 


აშშ-ის საელჩოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მუშაობის რეჟიმი დროებით შეცვალეს სავარაუდო საჰაერო შეტევასთან დაკავშირებული ცნობების გამო, თუმცა, უკვე ჩვეული რეჟიმით მუშაობას განაგრძობენ.


შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა უკრაინაში მყოფ ამერიკელებს მიმართავს, საჰაერო განგაშის დროს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები შეასრულონ და შესაბამისი მითითების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოძებნონ თავშესაფარი.




უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 20 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ მისი სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელდა „ფეიკი“ მოსალოდნელი მასირებული შეტევის შესახებ. 


უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების დაშინების მცდელობაში რუსეთი დაადანაშაულა და მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას დაუჯერონ.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 ნოემბერს, საღამოს გაავრცელა მიმართვა, რომ რუსეთი ყოველდღე ერთნაირ სიგიჟეს სჩადის და დღის განმავლობაში პანიკური შეტყობინებების გაგზავნა და საინფორმაციო გარემოს დაძაბვა იმით, რომ რაღაც განსაკუთრებული საფრთხე არსებობს, მხოლოდ რუსეთს ეხმარება. ზელენსკიმ ყველას მოუწოდა, ყოველთვის ყურადღებით იყვნენ საჰაერო განგაშის დროს.