ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

სტუდენტები თსუ-ის პირველ კორპუსში შევიდნენ, ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვენ

0
სტუდენტების ნაწილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შესვლა მოახერხა. მათი განცხადებით, ისინი არ აპირებენ დაშლას და შენობის დატოვებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნა, რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომის შესახებ, არ შესრულდება.


"მთავარია თსუ-ის რექტორის შეცვლა. საქართველოს და თსუ-ის არსებობა ერთმანეთთან სიმბოლურად არის გადაკვანძული. ეროვნული მოძრაობა დაიწყო თსუ-დან და ახალი ეროვნული მოძრაობაც დაიწყება თსუ-დან. დავრჩებით აქ მანამდე, სანამ ჯაბა სამუშია არ გადადგება", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა და სამოქალაქო აქტივისტმა, ზვიად ცეცხლაძემ.


მანვე, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შენობაში შესვლა პირველი კორპუსის ერთ-ერთი კარიდან მოახერხეს, რომელიც მისივე თქმით, "შემთხვევით ღია იყო".


შენობაში შესვლის შემდეგ, სტუდენტები უნივერსიტეტის პირველ სართულზე, ერთ-ერთ კაბინეტთან განთავსდნენ. ადგილზე მივიდა დაცვის სამსახური და საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, თუმცა მათი მხრიდან, ჯერჯერობით, რაიმე რეაგირება არ ყოფილა.


მოგვიანებით, ადგილზე მივიდა უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის უფროსი, გიორგი თავაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ სტუდენტები უნივერსიტეტში "შეიჭრნენ" და, რომ მათ ადმინისტრაციასთან შეხვედრა სამუშაო საათებში შეეძლოთ.


"თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა. აი, ფაქტია, ეს არის შემოჭრა. რომელი საათია ახლა, იცით? ღამის სამ საათზე უნივერსიტეტში რომ შემოდიხარ, ეს არის შემოჭრა. ღამის სამ საათზე უნივერსიტეტში არავინ არის, რომ პასუხი გასცეს. დილით მოვიდნენ და ჩვენ ჩვეულებრივად დაველაპარაკებით. სამუშაო დღეს, არ ყოფილა შემთხვევა, რომ სტუდენტები მოსულიყვნენ და არ შემოსულიყვნენ. ღამის სამ საათზე დაკეტილ შენობაში ადამიანს რა უნდა? ანუ ძალით შემოდიან, ხო? ამ დროს არც სწავლა აინტერესებთ, არც ადმინისტრაციასთან შეხვედრა აინტერესებთ იმიტომ, რომ ვერ დახვდება ღამის სამ საათზე ვერავინ", - განაცხადა უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა, გიორგი თავაძემ.






პარალელურად, გარეთ, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის საპროტესტო აქცია გრძელდება. დემონსტრანტებმა ისევ გაშალეს კარვები და კვლავ აპირებენ, უკვე მესამე ღამის გათენებას.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის შესახებ მოთხოვნა სტუდენტებმა მას შემდეგ გააჟღერეს, რაც 19 ნოემბრის დილას, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში სპეცრაზმის შესვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 


"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად! მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს გავლით, მალულად შეძლეს აქციის სივრცეში შეღწევა და მისი დარბევა. ეს ყველაფერი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მისმა თვითაღიარებულმა აკადემიკოსმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაუშვეს", - ნათქვამია "მაისის სტუდენტური მოძრაობის" განცხადებაში.


19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.


აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.


საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.


ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.


პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.


შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა (მუხლი 173) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (მუხლი 166) 19 ნოემბერს დაკავებულია 16 ადამიანი. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.