ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის დასუსტება მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი განვითარებისთვის

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან თქვა, რომ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისა და სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის დასუსტება.


"რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროცესები გაგრძელდეს - ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება. ჩვენ გვახსოვს წინა წლების გამოცდილება - როდესაც ძლიერდებოდა რადიკალური ოპოზიცია, სუსტდებოდა სახელმწიფოს პოზიცია, როდესაც დასუსტებული იყო რადიკალური ოპოზიცია, ამ დროს უფრო ძლიერი იყო ყოველთვის სახელმწიფო. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის დასუსტება არის ერთ-ერთი ამოცანა იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სახელმწიფოს სიძლიერე. იმდენად მძიმე პოზიციაშია ოპოზიცია, ალბათ შეგვეცოდებოდა, რომ არ ვიცოდეთ, როგორ ადამიანებთან გვაქვს საქმე - საქმე გვაქვს უსამშობლო ადამიანებთან, რომლების დასუსტებაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ასევე ახსენა ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირისთვის ბრიუსელში მიწერილი წერილი.


კობახიძის თქმით, წერილი, რომელიც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მისწერა ევროპარლამენტარებს, სამ მოთხოვნას მოიცავს:



ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება;
კომუნიკაციის შეწყვეტა სახელმწიფო ინსტიტუტებს და ევროკავშირს შორის;
120-მილიონიანი დაფინანსების შეწყვეტა და ამ თანხის მიმართვა აგენტურისკენ.


 


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილს ავრცელებს ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მედია. ტელეკომპანია "იმედის" თანახმად, ოთხი ოპოზიციური პარტია, რომლებმაც არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ევროკავშირს მოუწოდებს, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოხდეს ინიციირება სპეციალური მისიის, რომელიც ეუთო/ოდირთან კოორდინაციით შეისწავლის შიდა და გარე ჩარევებს 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში. ქართველი ოპოზიციონერები ასევე სთხოვენ ევროკავშირს, მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო შეფასებამდე არ მოიწვიოს 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის სხდომა და განმარტოს, რომ ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია იმ დრომდე, სანამ არჩევნები არ იქნება აღიარებული თავისუფლად და სამართლიანად.


"თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს. ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს", - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ევროკავშირისთვის ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაგზავნილ წერილს.


ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობას დღეს, 18 ნოემბერს, აპირებს.


ევროკავშირის პოზიციით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია საქართველოში ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამო კანონების მიღებისა და ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.





2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე ფაქტო შეჩერდა”.
2024 წლის 17 ოქტომბერს კი ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია.


 


ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის შეჩერების ნაწილია ასევე ფინანსური დახმარებების და ერთობლივი პროექტების შეწყვეტა სახელმწიფო სტრუქტურებთან.