ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ინალ არძინბა აფხაზებს "კონსტიტუციური" წესრიგისკენ მოუწოდებს

0
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ინალ არძინბა აცხადებს, რომ „რუსი მოკავშირეები“ განიცდიან აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და, რომ არაკონსტიტუციური ქმედებები აზიანებს სახელმწიფოთაშორის დიალოგს.


„აფხაზეთის რესპუბლიკა სამართლებრივი, მრავალეროვანი, დემოკრატიული სახელმწიფოა. კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერების გარანტია“, - აცხადებს არძინბა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში და მისი „დაჟინებული რეკომენდაციაა“ - არავინ გასცდეს სამართლებრივი ველის ჩარჩოს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ „სამართლებრივი ველის ჩარჩოს“ ოპოზიცია გასცდა და „კონფლიქტის ესკალაციის პროვოცირება“ მოახდინა. ინალ არძინბა აფხაზეთში ყოველთვის „რუსეთის კაცად“ მიიჩნეოდა. პოსტის დატოვების შემდეგ, ის რუსეთში გაემგზავრა.


არძინბა აღნიშნავს ასევე, რომ, „ახალ არჩევნებზე გამოჩნდება, თუ ვის ანდობს ხალხი ქვეყნის მართვას“.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ასლან ბჟანია მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდა, თითქოს მომიტინგეები რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან.




ასლან ბჟანიას გადადგომას ათასობით მომიტინგე მოითხოვს. 15 ნოემბერს, გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს „ხელისუფლების“ წარმომადგენლები ოპოზიციონერებთან ბჟანიას გადადგომის გეგმებს ათანხმებდნენ. თუმცა ამის შემდეგ, ბჟანიამ გააკეთა განცხადება, რომ არ გადადგებოდა.


16 ნოემბერს, ბჟანიამ განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს პოსტიდან, თუკი მომიტინგეები დატოვებენ „სამთავრობო შენობების კომპლექსს“. ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები აქციის მონაწილეებმა 15 ნოემბერს დაიკავეს.


ფართომასშტაბიანი მიტინგი, 15 ნოემბერს, დილიდან დაიწყო - როცა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ. ე.წ. პარლამენტში საკითხის განხილვა ჩაიშალა. სესია არ შედგა.


სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი ავტომობილით გაანგრიეს და ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე ამ გზით შეიჭრნენ. „სამთავრობო შენობების“ გარშემო ბჟანიას მიერ აღმართული რკინის ზღუდე ამჟამად საერთოდ მოხსნილია და ხალხი ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება.


დღის პირველ ნახევარში, აქციის მონაწილეები სოხუმისა და მოსკოვის საინვესტიციო ხელშეკრულების საბოლოოდ ჩაგდებას მოითხოვდნენ; ხოლო დღის მეორე ნახევრიდან, მათი მთავარი მოთხოვნა - ე.წ. პრეზიდენტის უპირობო გადადგომა იყო.


აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო, 16 ნოემბერს, ხალხს ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ დილიდან მოუწოდებდა.


„ასლან ბჟანია მიმართავს სასოწარკვეთილ მცდელობებს, შეინარჩუნოს ხელისუფლების სურათი და ეჭიდება ფორმალობებს. მისი მმართველობის დრო უკვე დასრულდა. აფხაზეთში დღეს მიმდინარე მოვლენები საზოგადოების კანონზომიერი პასუხია ასლან ბჟანიას მიერ გატარებულ ანტისახალხო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია მხოლოდ მისი ნათესავებისა და მასთან დაახლოებული ვიწრო წრის გამდიდრებისკენ. ჩვენი ამოცანაა ბჟანიას გადადგომა და ქვეყანაში ვითარების სტაბილიზება“, - წერია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში.