ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

კობახიძე: ოპოზიცია არის გაჭირვებაში

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისსა და ბათუმში მიმდინარე სტუდენტების პროტესტზე კომენტარი არ გააკეთა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის პარალელურად, იგი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად თბილისში, ერთ-ერთ კაფეს ტოვებდა, რა დროსაც "ტვ პირველის" ჟურნალისტმა მას მიმდინარე პროტესტის შესახებ ჰკითხა. პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა:


"ოპოზიცია არის გაჭირვებაში, ოპოზიცია არის გაჭირვებაში".


ჟურნალისტმა მას, ასევე ჰკითხა, თუ რატომ დაამთხვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება საქართველო-უკრაინის  ეროვნული  საფეხბუთო ნაკრებების მატჩს, რაზეც კობახიძე პასუხობს:


"მე რა შუაში ვარ, ცესკომ გამოაქვეყნა".


ხვალ, 16 ნოემბერს ცესკოში სხდომა დაინიშნა. პარალელურად, საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია დაანონსეს.


16 ნოემბერს „ბათუმი არენაზე“ გაიმართება, უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეხუთე შეხვედრა,  საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის გუნდს უმასპინძლებს. 




ამასთან, პროტესტი მიმდინარეობს თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 15 ნოემბერს, საღამოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ათეულობით პოლიციელი გამწესდა. მათ კორდონი გააკეთეს უნივერსიტეტის შესასვლელთან და ახალგაზრდებს შიგნით შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.


აქციის მონაწილეები, მოგვიანებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით დაიძრნენ. რამდენიმე ათეული მათგანი უნივერსიტეტის შენობაში  ღამის გასათევად დარჩა.  უმრავლესობამ კი  ტერიტორია დატოვა, მას შემდეგ რაც ადგილზე გამოაცხადეს, რომ ცესკოს შენობასთან 16 ნოემბერს აქცია დაიგეგმა.    


15 ნოემბერს კიდევ ერთი აქცია ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით დაიგეგმა. აქციის მონაწილეები 17:00 საათისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, მას შემდეგ კი, რაც გაიგეს, რომ ახალგაზრდების ნაწილს არ უშვებდნენ თსუ-ს შენობაში, მსვლელობით უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლეს.


აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ ცესკოს დახმარებით არჩევნები გააყალბა და ამ გზით ცდილობს ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩენას.


არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ სტუდენტები ბათუმშიც  და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში აქციას მართავენ.


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა - ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.


ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა - ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.


არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციის ლიდერები, გამოძიებას უნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაც.