ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28
29
30
31

ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობას ოპოზიცია დააკომპლექტებს

0
ლიეტუვის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურშიც, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართა, ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო. ის მმართველი კოალიციის შექმნას გეგმავს. სოციალ-დემოკრატებს ყველაზე მეტი ხმა ჰქონდათ პირველ ტურშიც, რომელიც 13 ოქტომბერს ჩატარდა.


ლიეტუვის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ორი ტურის შედეგად, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 141-წევრიან პარლამენტში 52 დეპუტატი ეყოლება. პარტიას მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი მანდატები არ აქვს, ამიტომ კოალიციის შექმნას აპირებს დემოკრატიულ კავშირსა და ფერმერების და „მწვანეთა“ კავშირთან.


სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ვილია ბლინკევიჩუტემ, რომელიც ევროპარლამენტის დეპუტატია, ლიეტუვის მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხს სურს ცვლილებები და სხვა მთავრობა. თუ ბლინკევიჩუტე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება, ევროპარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის ფორმირების საკითხებს პარტიაში განიხილავენ.


საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიეტუვის მმართველ ქრისტიან-დემოკრატების პარტიას 28 მანდატი აქვს. პარტიის ლიდერმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალ-დემოკრატებს გამარჯვება მიულოცა.


საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიეტუვის პარლამენტში 20 დეპუტატი ეყოლება პოპულისტურ პარტიასაც „ნემანის განთიადი“.


ლიეტუვის პარლამენტის, სეიმის, არჩევნებში 14 პარტია და ერთი კოალიცია მონაწილეობდა. 141 დეპუტატიდან 71-ს ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ, 70-ს კი - პროპორციული სიებით. თუ ერთმანდატიან ოლქებში ვერცერთი კანდიდატი ვერ იღებს ამომრჩეველთა ხმების, სულ მცირე, მეხუთედს, მეორე ტურში მონაწილეობს საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი.




ნატოს და ევროკავშირის წევრი ლიეტუვა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთს ომს საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც პირდაპირ რისკად განიხილავს.


ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურის შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვილია ბლინკევიჩუტემ განაცხადა, რომ ლიეტუვის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება და უკრაინის დახმარება პრიორიტეტად დარჩება.