ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30
31

ორბანი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს

0
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ის პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს.


„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“




„იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლის ვადით რჩება, თუმცა საპირისპირო შედეგებს აჩვენებს „მთავარი არხისა“ და „ფორმულისთვის“ ჩატარებული კვლევები.


“იმედის” თანახმად, “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 56,1% დააგროვა. ხმათა 42% მიიღო “ქართულმა ოცნებამ” „მთავარი არხის“ დაკვეთით HarrisX-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხოლო 40,9% - „ედისონ რისერჩის” კვლევის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩატარდა.


რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით ბუდაპეშტიდან და თბილისიდან, ვიქტორ ორბანი უახლოეს პერიოდში თბილისში ვიზიტს გეგმავს.


2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ორბანმა, რომელიც ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა, ქუთაისის სტადიონზე "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა საქართველოს, არ დაეშვა „შეცდომა“ და არ დაბრუნებულიყვნენ წარსულში.


27 სექტემბერს სტადიონზე გამოსვლისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც გვერდით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ედგა, განაცხადა: „ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და უნგრელი ხალხის მოსალმება გადმოგცეთ თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ“.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი ოფიციალური მონაცემები 26 ოქტომბერს, 22:00 საათზე გამოქვეყნდება.


საარჩევნო უბნები საქართველოში 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნები ჯერ არ დასრულებულა ევროპისა და აშშ-ის დიდ ქალაქებში გახსნილ საარჩევნო უბნებში.