ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

საქართველოს OGP-ის წევრობა შეუჩერეს

0
საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა დღეს, 16 ოქტომბერს, მიიღო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.


OGP-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი განცხადება ე.წ. აგენტების კანონის შესახებ. ორგანიზაცია მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევდა. ამასთან, ორგანიზაცია მიუთითებდა საქართველოს მთავრობისთვის OGP-ის წევრობის შესაძლო შეჩერების შესახებ.




2023 წელს ე.წ. აგენტების კანონის პირველი ინიციირების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ღია მმართველობის“ საპარლამენტო საბჭოს ჯგუფის წევრობა შეიჩერეს.


OGP აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ 2011 წელს დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას. მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. საქართველო ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა.


საქართველომ 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო კიდევ ერთხელ აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით (2022 წლამდე).