ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

საქართველოდან დაკარგულმა რუსმა აქტივისტმა სასამართლოს უამბო თავისი ამბავი

0
ეკატერინბურგის ცენტრალური რაიონული სამხედრო სასამართლოს სხდომაზე დაკითხეს აქტივისტი რაფაილ შეპელევი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობასა და ტერორიზმის გამართლებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა It’s My City იტყობინება.


შეპელევი საქართველოში, სოფელ კირბალში, ე.წ. გამყოფ ხაზთან, 2023 წლის 12 ოქტომბერს გაუჩინარდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეპელევმა „საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ".


ეკატერინბურგში გამართულ სასამართლო სხდომაზე შეპელევმა თქვა, რომ გადაიბირეს უკრაინის უშიშროების სამსახურის ფსევდოაგენტებმა და „სააკაშვილის მეგობარმა“, რომლებიც მას პოლონეთში გადაყვანას დაჰპირდნენ.


გამოკითხვისას რაფაილ შეპელევი მოჰყვა, რომ 2021 წლის სექტემბრიდან  საქართველოში ცხოვრობდა, რადგან აქციებში მონაწილეობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის ეშინოდა. თბილისში ყოფნისას მან დაიწყო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, 2021 წლის 1 ოქტომბერს დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივობა. შეპელევი მონაწილეობდა ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციებში, 2022 წელს კი ექვსი თვის განმავლობაში გამუდმებით მართავდა ერთკაციან აქციებს სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნის წინააღმდეგ.




შეპელევის სიტყვებით, 2022 წლის აგვისტოში დაურეკა ადამიანმა, რომელიც გაეცნო სააკაშვილის უკრაინული პარტიის ხელმძღვანელად - „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერ სერგეი გარკუშად, რის შემდეგაც მათ შორის „ორ-სამჯერ შედგა სატელეფონო საუბარი“.


2023 წლის მაისში, რაფაილ შეპელევმა ჩათვალა, რომ საქართველოში „ყველაფერი იყიდა“ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა. ამის გამო მან უკრაინაში წასვლა განიზრახა, „რუსეთის თავისუფლების ლეგიონში“ გასაწევრიანებლად. მაგრამ საქართველოში უკრაინის საელჩოში დახმარებასა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრეს. მაშინ აქტივისტმა მიმართა „გარკუშას“, რომელმაც ის „უკრაინის უშიშროების სამსახურში ნაცნობებთან“ დააკავშირა. „უკრაინელი აგენტები“ შეხვდნენ შეპელევს და „დაიწყეს გადაბირება“, რათა „საქართველოდან დახმარებოდა“, რაზეც უარი განუცხადა.


ამის შემდეგ, როგორც შეპელევი ჰყვება, 2023 წლის 24 ივნისს მოხდა პრიგოჟინის ამბოხება და გადაწყვიტა გაწევრიანებულიყო მსგავს პოლკში, რომლის შექმნაც თითქოს საფრანგეთში მცხოვრებ ულტრამემარცხენე ვიაჩესლავ მალცევს სურდა, წერს It’s My City.


„და ვინაიდან მე ვიაჩესლავ მალცევის საბრძოლო ერთეული ვარ, ყოველდღე ვუსმენდი მის ეთერს 2012 წლიდან, პირდაპირ ვეკონტაქტებოდი Youtube-ზე ჩატის მეშვეობით. პრიგოჟინი გაბრუნდა, მოსკოვამდე არ მივიდა, მაგრამ ვიაჩესლავ მალცევმა თქვა, რომ ჩვენ შევქმნით ჩვენს პოლკს, ჩვენს „ლეგიონს რუსეთის თავისუფლება“, - თქვა შეპელევმა


აქტივისტის სიტყვებით, მაშინ „უკრაინის უშიშროების სამსახურის აგენტები“ დაჰპირდნენ მალცევის პოლკში გაწევრიანებაში დახმარებას, თუ ის სამ ამანათს წაიღებდა ბათუმიდან ზემო ლარსზე - საქართველო-რუსეთის სასაზღვრო პუნქტთან. როგორც „აგენტები“ ირწმუნებოდნენ, ყუთებში იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების დეტალები.


ორი ამანათის მიწოდების შემდეგ, შეპელევის თქმით, მესამეს მიტანა შესთავაზეს, რაზეც  უარი განაცხადა მანამდე, სანამ პირადად არ დაუკავშირდებოდა ვიაჩესლავ მალცევი. მაშინ „აგენტები“ დაჰპირდნენ პოლონეთში გადაყვანას, სადაც შეძლებდა მალცევის პოლკში გაწევრიანებას. შეპელევი დასთანხმდა და მას უთხრეს, რომ ტვირთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან მიეტანა.  2023 წლის 12 ოქტომბერს, ის ამ მიმართულებით გაემგზავრა ტაქსით და მივიდა მითითებულ პუნქტამდე სოფელში, სადაც დააკავეს, წერს გამოცემა It’s My City.


რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზას" წყარომ ანონიმურობის პირობით დაუდასტურა შეპელევის მონათხრობის ავთენტიკურობა და განუცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები მართლაც უკავშირდებიან რუს აქტივისტებს და თავს უკრაინის წარმომადგენლებად ასაღებენ.





შეპელევს ბრალად სდებენ „ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას“ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.5 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და „ტერორიზმის გამართლებას“ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2023 წლის აპრილში რაფაილ შეპელევი შეურაცხადად გამოაცხადეს და დღემდე  იძულებითი მკურნალობის კურსს გადის. 5 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე მან თქვა, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციისას მიხვდა, რომ ის იყო „მთავარანგელოზი რაფაელი“.
რაფაილ შეპელევი ეკატერინბურგში ცხოვრობდა 2021 წლამდე, რეგულარულად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და იყო ულტრამემარცხენე მოძრაობის, "Артподготовка-ს" წევრი. მან 2021 წლის ბოლოს დატოვა რუსეთი და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა.