ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ნეთანიაჰუს გაფრთხილების შემდეგ ისრაელმა ახალი იერიში მიიტანა ლიბანზე

0
ისრაელის ჯარებმა ახალი იერიში მიიტანეს 15 ოქტომბერს ლიბანის აღმოსავლეთში, ჰეზბოლაზე მას მერე, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ არ დაინდობს ჰეზბოლას, რომელსაც ირანი უჭერს მხარს.


ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ისრაელმა დარტყმა განახორციელა ლიბანის ბეკაას ველზე, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოვიდა საავადმყოფო ქალაქ ბაალბეკში. ისრაელის არმიამ თავდასხმა განახორციელა მას მერე, რაც ნეთანიაჰუმ დაიპირა, რომ დაუნდობელ პასუხს გასცემს ჰეზბოლას დრონით თავდასხმას, რასაც ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ნეთანიაჰუმ, რომელმაც მოინახულა სამხედრო ბაზა, სადაც ჯარისკაცები დაიღუპნენ, თქვა, რომ „ისრაელი თავდასხმებს მოაწყობს ყველგან ლიბანში, ბეირუთის ჩათვლით».


ჰეზბოლას მეთაურის მოადგილემ, ბაიმ ყასიმმა განაცხადა 15 ოქტომბერს, რომ დაჯგუფებას შეუძლია მიაყენოს ისრაელს ტკივილი, მაგრამ ამავე დროს გამოვიდა ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით. "გამოსავალი ცეცხლის შეწყვეტაშია. ჩვენ არ ვლაპარაკობთ სისუსტის პოზიციიდან, თუ ისრაელელებს ეს არ სურთ, ჩვენ გავაგრძელებთ" - თქვა მან.


ჰეზბოლა აშშ-ში ტერორისტულად არის აღიარებული, მისი სამხედრო ფრთა კი - ევროკავშირში. ლიბანში ის მოქმედებს როგორც კანონიერი პოლიტიკური ძალა და პარლამენტშია წარმოდგენილი. ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთის დიდ ნაწილს აკონტროლებს.


ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰეზბოლას თავდასხმის შემდეგ, 14 ოქტომბერს ისრაელის იერიშებისას ლიბანში 41 ადამიანი დაიღუპა და 124 დაშავდა. მსხვერპლთა ნახევარზე მეტი დაიღუპა ჩრდილოეთი ლიბანის სოფელ აიტოში, რომელიც მდებარეობს ჰეზბოლას მოქმედების არეალიდან შორს.


ჰეზბოლას იერიში ისრაელზე შარშან ოქტომბრის მერე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო. ის განხორციელდა დრონების „გუნდის“ მიერ, რომლის შემჩნევა და განადგურება ისრაელის საჰაერო თავდაცვას უჭირს.


ისრაელის ცალმხრივი მოთხოვნით ლიბანიდან გაეროს მისიის -სამშვიდობო ძალების გაყვანა სერიოზული შეცდომა იქნებოდა და ის გაეროს მიმართ ნდობას შეარყევს, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯიორჯია მელონიმ.

ისრაელმა 13 ოქტომბერს მიმართა გაეროს გაიყვანოს თავისი მისია ლიბანიდან. მანამდე აშშ-მა შეშფოთება გამოხატა გაეროს მისიის შტაბ-ბინაზე ისრაელის თავდასხმის გამო.


გაეროს სამშვიდობო ძალები ლიბანში 1978 წლიდან იმყოფება და მათი თავდაპირველი ამოცანა იყო ამ ქვეყნიდან ისრაელის ჯარების გაყვანის დადასტურება. წლების განმავლობაში მისია იცვლებოდა ვითარების და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების მიხედვით.