ru24.pro
World News
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტრამპმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი დახმარება აღარ სჭირდებათ

0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა უარით ნატოს წევრი იმ სახელმწიფოებისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის, რომლებსაც ირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის გახსნასა და მისი უსაფრთხოების დაცვაში ჩართვა სთხოვა და უარი მიიღო.

ტრამპმა სოციალური ქსელის, Truth Social-ის ოფიციალურ გვერდზე 17 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში ნატოს ეს ქვეყნები მოკავშირეებად ბრჭყალებში მოიხსენია.

ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა პრაქტიკულად, შეწყვეტდა აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შედეგად. ირანმა სრუტე ფაქტობრივად, დაბლოკა. ამან ხელი შეუწყო საწვავის გაძვირებას.აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის თანახმად, ნატოელი „მოკავშირეების“ უმრავლესობამ შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ არ სურთ მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში ირანის „ტერორისტული რეჟიმის“ წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ქვეყანა დაეთანხმა იმას, რასაც ამერიკა აკეთებს და იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის საშუალება არ უნდა მისცენ.

ტრამპის განცხადებით, ამ ქვეყნების მოქმედება არ გაჰკვირვებია, რადგან ნატოს, რომელსაც აშშ ყოველწლიურად მილიარდობით დოლარით აფინანსებს ამ სახელმწიფოების დასაცავად, ყოველთვის მიიჩნევდა „ქუჩად ცალმხრივი მოძრაობით“.

ამასთან, ტრამპი აცხადებს, რომ გაანადგურეს ირანის შეიარაღებული ძალები, მათი საშუალებები და ირანის ლიდერები და მსგავსი „სამხედრო წარმატების“ გამო ნატოს ქვეყნების დახმარება აღარ სჭირდებათ და აღარ სურთ. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ეს ეხება იაპონიას, ავსტრალიას და სამხრეთ კორეასაც.

გამოცემა Axios-ი ოთხ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით 16 მარტს წერდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ქვეყნების კოალიციის შექმნაზე მუშაობს და იმედი აქვს, რომ ახალი კოალიციის შექმნის შესახებ ამ კვირაში გამოაცხადებს.

ორი დღით ადრე ტრამპმა თავისი სოციალური ქსელის, Truth Social-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი 100% გაანადგურეს, მაგრამ მას შეუძლია ერთი-ორი დრონი გაგზავნოს, ნაღმი ჩამოაგდოს, ან ახლო მანძილზე მოქმედების რაკეტა გაუშვას ჰორმუზის სრუტისკენ, ამიტომ ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ირანის მიერ სრუტის დაკეტვის მცდელობით დაზარალებულები, შეერთებულ შტატებთან ერთად გაგზავნიან გემებს, რათა სრუტე ღია და უსაფრთხო იყოს. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ გემებს გაგზავნიდნენ სრუტის ხელოვნურად შეზღუდვით დაზარალებული ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები.

15 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ნატოელი მოკავშირეები უარს იტყვიან დახმარებაზე ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს ნატოს მომავლისთვის „ძალიან ცუდი“ იქნება.

ჰორმუზის სრუტის დასაცავად ტრამპის მიერ საერთაშორისო კოალიციის შექმნის განზრახვის შესახებ პირველი ცნობების გავრცელების შემდეგ არაერთი მედიასაშუალება წერდა, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სამხრეთ კორეა მზად არ არიან სრუტეში თავიანთი სამხედრო გემების გასაგზავნად.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 მარტს განაცხადა, რომ საფრანგეთი ქმნის კოალიციას, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, ეს მათი ომი არ არის. გერმანიის მთავრობის პრესმდივნის, შტეფან კორნელიუსის თქმით, ნატოს, როგორც თავდაცვის ალიანსს ამ ომთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ზოგადი განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ მოკავშირეებთან მოლაპარაკებები ჰქონდათ სამოქმედო გეგმაზე.

ჩინეთის საჯაროდ გამოხატული ოფიციალური პოზიცია იყო მოწოდება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე და დაიმუქრა, რომ ბარელი ნავთობის ფასი 200 აშშ დოლარს გადააჭარბებდა.