ru24.pro
World News
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

0
ევროპის სახელმწიფოების მეთაურებმა ერთობლივად გამოხატეს მხარდაჭერა დანიის მიმართ და აღნიშნეს, რომ ამ სამეფოს ავტონომიური არქტიკული ტერიტორია გრენლანდია მხოლოდ კუნძულის მოსახლეობას ეკუთვნის.

განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განმეორებით განცხადებას, რომ „გრენლანდია აბსოლუტურად გვჭირდება. ის თავდაცვისთვის გვჭირდება.“ მან ეს განცხადება ჟურნალ „The Atlantic“-თან სატელეფონო ინტერვიუში გააკეთა, რომელიც 4 იანვარს გამოქვეყნდა.

გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის სამხედრო ოპერაციამ, რომლის შედეგადაც ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავეს, კვლავ გააჩინა შეშფოთება, რომ გრენლანდიას შესაძლოა მსგავსი ბედი ეწიოს. დანიის ამ ტერიტორიის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ სურს აშშ-ის შემადგენლობაში ყოფნა.

„გრენლანდია თავის მოსახლეობას ეკუთვნის. მხოლოდ დანიას და გრენლანდიას და მხოლოდ მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - ნათქვამია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის ლიდერების მიერ 3 იანვარს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. არქტიკის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი ნატოს მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-თან ერთად. ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა დიკ შოფმაც მხარი დაუჭირა განცხადებას.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ვარშავაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ნატოს არცერთმა წევრმა არ უნდა შეუტიოს ან დაემუქროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა წევრს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ნატო აზრს დაკარგავს, თუ ალიანსის შიგნით ორმხრივი კონფლიქტები წარმოიქმნება.
გრენლანდიის პრემიერმინისტრი, იენს-ფრედერიკ ნილსენი მიესალმა ევროპელი ლიდერების სოლიდარობას და კიდევ ერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებს „პატივისცემით სავსე დიალოგისკენ.“ ნილსენი ავლის, რომ აუცილებელია პატივი ვცეთ იმ ფაქტს, რომ გრენლანდიის სტატუსი ეფუძნება საერთაშორისო სამართალს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.

ევროპელების ერთობლივი განცხადების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეფ ლენდრიმ CNBC-ს განუცხადა, რომ „უსაფრთხოება აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“. როდესაც ჰკითხეს, უსაფრთხოების საკითხები ნატოსთან ერთად უნდა გადაწყდეს თუ არა, ლენდრიმ უპასუხა, რომ ამაზე გრენლანდიელებს უნდა დავეკითხოთო.

გასულ თვეში დონალდ ტრამპმა ლუიზიანას რესპუბლიკელი გუბერნატორი ლენდრი გრენლანდიის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა და კუნძულისთვის „ბრძოლის ხელმძღვანელობა“ სთხოვა.

ლენდრიმ 6 იანვარს განაცხადა, რომ ტრამპი გრენლანდიას ეკონომიკურ შესაძლებლობებს სთავაზობს, მაგრამ თქვა, რომ არ ფიქრობს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ძალას გამოიყენებს. ლენდრიმ თვლის, რომ აშშ-ს კუნძულისთვის ევროპასთან შედარებით მეტი რამ აქვს შესათავაზებელი.

„შეგიძლიათ ისაუბროთ საერთაშორისო კეთილშობილებებსა და ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რეალურ სამყაროში, რომელსაც ძალა და სიძლიერე მართავს“, - განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სტივენ მილერმა CNN-თან ინტერვიუში ერთი დღით ადრე. იმავე საუბარში მან უარყო დანიის სუვერენიტეტთან დაკავშირებული შეშფოთება.


დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოხატა გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების სურვილი. მან პირველად ეს იდეა 2019 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გამოთქვა. ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის სამხედროებისთვის და რომ დანიამ საკმარისი არ გააკეთა მის დასაცავად.
ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გრენლანდიის
სტრატეგიული მდებარეობა მას აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვან ადგილად აქცევს. კუნძული მდიდარია ასევე სხვადასხვა წიაღისეულით.
მასზე აშშ-სა და დანიას შორის ათწლეულების წინ გაფორმებული შეთანხმებით, აშშ-ს კოსმოსური ძალების ბაზა აქვს კუნძულზე.