ru24.pro
World News
Май
2025

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“  (ე.წ. ქართული FARA) ძალაში შედის

0

31 მაისიდან ძალაში შედის სადავო პარლამენტის მიერ, 1 აპრილს მიღებული კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ე.წ."ქართული FARA", რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ანტიკორუფციული ბიურო.

ეს კანონი, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. წესდება სისხლის სამართლის წესით გასამართლების მექანიზმი - კერძოდ, კანონი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის მოთხოვნას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას.

კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად მედიის, სამოქალაქო სექტორისა და დემონსტრაციების შესაზღუდად მიიღო - დამოუკიდებელ ორგანიზაციებს გრანტების მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანხმობის გარეშე აღარ შეუძლიათ, გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

22 მაისს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია)FARA-ს შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მასთან ერთად ერთად მოსარჩელეები არიან მედიაორგანიზაციები სტუდია "მონიტორი" და "საქართველოს ამბები". სარჩელი სასამართლოში 2025 წლის 15 მაისს შევიდა.

20 მაისს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განმარტა, რომ „ფარას კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს... ერთია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად [აწარმოებდეს] იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც კანონს აქვს განსაზღვრული“, - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.

„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გააკრიტიკა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR-ი) და განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მესამე მოსმენით მიღებით.

„ეს კანონი ძლიერად აისახება სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე და ყველაზე, ვინც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე“, - თქვა ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა.

ODIHR-ის შეფასებით, ახლად მიღებული კანონი მიზნად ისახავს, ჩაანაცვლოს გასულ წელს მიღებული „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის თანახმად, ეს კანონი „შეაფერხებს გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას“ და „სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების საქმიანობა“