ru24.pro
World News
Май
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მოსამართლე შვანგირაძემ უარი თქვა მოწმის სტატუსით დაიკითხოს თეა წულუკიანი მისსავე კომისიაზე არმისვლის საქმეზე

0

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ უარი თქვა, „ქართული ოცნების“ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და წევრები მოწმის სტატუსით გამოიკითხონ სასამართლო სხდომაზე. გადაწყვეტილება მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 19 მაისს გამოაცხადა, როცა ამავე კომისიის წევრების მოთხოვნით ოპოზიციონერ პოლიტიკოსის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის წინასასამართლო სხდომა იმართებოდა.

მოწმეთა სიაში თეა წულუკიანისა და კომისიის სხვა ქართული ოცნების წევრების დაკითხვას მოწმის სტატუსით „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები მოითხოვდნენ. პროკურატურას კომისიის წევრები გამოძიების ფარგლებში გამოკითხული არ ჰყავს. მათ ამის საჭიროება ვერ დაინახეს, რადგან მიაჩნიათ, რომ აქვთ სხვა მტკიცებულებები, რომელიც საქმისთვის საკმარისია.

ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.

მისი ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება უნდა შეწყდეს, რადგან გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ის ორ მიზეზს ასახელებს:

მუხლი, რომლითაც წაყენებულია ბრალი მოიცავს კომისიის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. „ასეთ შემთხვევაში ორი ვერსიაა - პირველი კომისიის კანონიერება და მეორე გადაწყვეტილების კანონიერება. არც ერთი ამ ორიდან კანონიერი არ არის“, - თქვა მან და განმარტა, რომ კომისია უკანონოა, რადგან მის შემადგენლობაში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კანონით დაგდნილი კვოტა (50/50-ზე) დაცული არ არის.

„გიორგი გახარიას პარტიის ორმა წარმომადგენელმა უარი თქვა ამ კომისიის წევრობაზე, რადგან პარლამენტის შემადგენლობა არალეგიტიმურად მიიჩნია… არ შეიძლება, რომ საგამოძიებო კომისიას უმრავლესობა აკონტროლებდეს. დარღვეულია ამ კომისიის ფუნქციონირების მთავარი პრინციპი“, - ამბობს ადვოკატი.

მეორე არგუმენტი ის ოქმია, რომლის საფუძველზეც ბადრი ჯაფარიძე კომისიაში დაიბარეს. „საგამოძიებო კომისიის დებულებაში წერია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი… ბადრი ჯაფარიძის დაბარების ოქმს კი ხელს მხოლოდ თავმჯდომარე თეა წულუკიანი აწერს“, - ამბობს ადვოკატი და ასკვნის, რომ ამის გამო „კომისიის კანონიერი მოთხოვნა“ უკანონოა.

მოსამართლეს მიმართა ბადრი ჯაფარიძემაც და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის იყენებს, რაშიც მათ მოსამართლეებიც ეხმარებიან.

„პირდაპირ სახეზეა თანასწორობის დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა კანონის მოთხოვნის… იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ საგამოძიებო კომისია მინიმუმ 50% ოპოზიციის წევრებისგან უნდა შედგებოდეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამი წევრი თავისი რიგებიდან დანიშნა „ქართულმა ოცნებამ“, ეს იგივეა, რომ პროკურორმა დანიშნოს მეორე პროკურორი ადვოკატად და თქვას, ის იცავდა ბრალდებულის უფლებებსო...

კანონმა სწორედ იმიტომ დაადგინა 50%-იანი კვოტა, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ საგამოძიებო კომისია არ გამოიყენოს პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ანგარიშსწორება პოლოტიკური ოპონენტებისადმი, რომელიც სწორედ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ ხდება, რომელიც შექმნილია კანონის ფეხქვეშ გათელვით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქმის არსებითი განხილვა 2 ივლისს დაიწყება.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლების წინააღმდეგაც იდენტური საქმეებია აღძრული, აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული. მათ შორის არიან: ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია.

გირაო პროტესტის ნიშნად არ გადაიხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. სწორედ ამიტომ 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

ხუთშაბათს, 22 მაისს ზურა ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომაა. ის გირაოს გადახდას არ აპირებს და ოქრუაშვილის მსგავსად, სხდომათა დარბაზში დაკავებას ელოდება. ის საქალაქო სასამართლოშია და კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის დევნის ობიექტ კოლეგა პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებს. დღესვე გაიმართება მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო სხდომა. საქმეს იდენტური მხარეთა შემადგენლობას აქვს.