ru24.pro
World News
Январь
2025

გორში, პოლიციასთან გამართულ საპროტესო აქციაზე, სოლიდარობა გამოუცხადეს ნაცემ სამოქალაქო აქტივისტს

0
გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკური პარტიების წევრებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა.


ისინი პოლიციასთან სამოქალაქო აქტივისტის ვახო ფიცხელაურის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ და გამოძიების სასწრაფოდ დასრულებას, ბრალდებულების დაკავებას მოითხოვდნენ.


26 იანვარს, ღამით სამოქალაქო აქტივისტს ვახო ფიცხელაურს გორში, საკუთარ სახლთან ახლოს თავს დაესხნენ. ნიღბიანმა პირებმა ის სცემეს და გაძარცვეს, წაიღეს პირადი ნივთები და მობილური ტელეფონი.


ფიცხელაურის თქმით, ცემასთან ერთად მას მოკვლითაც ემუქრებოდნენ. ვახო ფიცხელაური ამ ყველაფერს, მის სამოქალაქო აქტივობას უკავშირებს. ის ცოლთან, თეო ბზიშვილთან ერთად უკვე 60 დღეა თბილისში გამართულ აქციებზე ყოველდღე დადის. ამის შესახებ მან წუხელ დაკითხვაზე ყოფნისას პოლიციელებსაც უთხრა, თუმცა გამოძიების წარმატებით დასრულების იმედი მას არა აქვს.


„ტკივილები ისევ მაქვს. ხვალაც ვაპირებ კლინიკაში მისვლას, ახლა ვაანალიზებ წუხელ რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე. ეს უკვე იმაზე მეტყველებს რომ სრული განუკითხაობაა და ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ, თორემ ეს ყველაფერი რომ სისტემამ ორგანიზებულად გააკეთა, ამაში ეჭვი არ მეპარება. დაშინება უნდოდათ, მაგრამ რა დაშინებაზეა ლაპარაკი. რუსთაველზე აქციაზე წასვლა დღესაც მინდოდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვახერხე, მაინც ვივლი აქციებზე და ვერაფერი დამაშინებს", - ამბობს ვახო ფიცხელაური.


აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ეს არის რეჟიმის მცდელობა აქტივისტები დააშინოს და პროტესტი ჩაახშოს, თუმცა მათი თქმით, საპროტესტო აქციებზე სულ უფრო მეტი ადამიანი გამოვა და ყოველი ასეთი თავდასხმა მანიფესტანტებს მხოლოდ აძლიერებს.


პოლიციამ ვახო ფიცხელაური 26 იანვრის ღამესვე დაკითხა. გამოძიება ძალადობის და ძარცვის საქმეზე მიმდინარეობს. ფიცხელაური ამბობს, რომ მის სახლთან ახლოს, კომერციულ ობიექტებზე არაერთი სათვალთვალო კამერაა განთავსებული, შესაბამისად, პოლიციას თავმდამსხმელების ვინაობის დადგენა არ უნდა უჭირდეს, თუმცა მას იმედი არ აქვს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ.