ru24.pro
World News
Январь
2025

ისრაელმა ღაზის მოსახლეობას სექტორის ჩრდილოეთისკენ გაუხსნა გზა

0
ისრაელმა ღაზის სექტორის მაცხოვრებლებისთვის სექტორის ჩრდილოეთისკენ გახსნა გზა მას შემდეგ, რაც პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული და ნაწილობრივ აკონტროლებს სექტორს, პირობა დადო, რომ 31 იანვრისთვის გაათავისუფლებს ისრაელელ მძევალ ქალს, არბელ იაჰუდს და კიდევ ორ მძევალს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს აიყვანა.


პირდაპირ ტრანსლაციაში, რომელსაც გადასცემენ სააგენტოები, ჩანს, რომ ათასობით პალესტინელი, ძირითადად ფეხით, მიემართება ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილისკენ. მათგან ბევრნი იძულებული გახდნენ, თავიანთი სახლები დაეტოვებინათ ერთ წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც ისრაელის სამხედრო ოპერაცია დაიწყო ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ. შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით სექტორის ჩრდილოეთით, განადგურებულია და ხალხი ფაქტობრივად ნანგრევებს უბრუნდება. საერთო ჯამში მოსალოდნელია სექტორის დაახლოებით 650 ათასი მაცხოვრებლის დაბრუნება ჩრდილოეთში.


ისრაელი რომ სექტორის ჩრდილოეთისკენ გაუხსნიდა გზას ღაზის მოსახლეობას, ეს გათვალისწინებულ იყო ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებით, რომელსაც შუამავლების მეშვეობით მიაღწიეს იანვრის შუა რიცხვებში. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჰამასმა შაბათს, 25 იანვარს, გაათავისუფლა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი ქალი, რომლებიც მძევლად ჰყავდა აყვანილი, ისრაელმა განაცხადა, რომ დაჯგუფებამ დაარღვია შეთანხმება იმით, რომ ჯერ არბელ იაჰუდი არ გაათავისუფლა. ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზის მოსახლეობას ჩრდილოეთისკენ არ გაუშვებს მანამდე, სანამ იაჰუდის განთავისუფლების ორგანიზება არ მოხდება.


ჰამასმა შუამავლებს უთხრა, რომ იაჰუდი ცოცხალი იყო და მომავალ შაბათს გაათავისუფლებდნენ, მაგრამ მოგვიანებით მისი გათავისუფლება უფრო ადრე გადმოწია. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად გაათავისუფლებენ კიდევ ერთ ჯარისკაც ქალს, აგამ ბერგერს, და კიდევ ერთ მძევალს. ეს მოხდება „განრიგის გარეშე“. შაბათს, 1 თებერვალს, კიდევ სამი მძევალი გათავისუფლდება, იუწყება The Times of Israel.




ბოლო ინფორმაციით, ღაზაში რჩება 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჯიჰადისტების თავდასხმის დროს გატაცებული 90 ადამიანი. რამდენიმე ათეული მათგანი სავარაუდოდ გარდაცვლილია.


იმ მძევლების სიაში, რომლებიც ჰამასმა უნდა გაათავისუფლოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მოქმედების პირველ ეტაპზე, 33 ადამიანი შედიოდა. ამ მომენტისთვის გათავისუფლებულია შვიდი მათგანი. საპასუხოდ ისრაელი თავისი ციხეებიდან მთლიანობაში ათავისუფლებს ორი ათასამდე პატიმარს.


7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს 1200-მდე ადამიანი დაიღუპა და 250-მდე მძევლად აიყვანეს. საპასუხო სამხედრო კამპანიის დროს, რომელიც ისრაელმა წამოიწყო ღაზაში, პალესტინელთა მხარის ცნობით, სექტორის დაახლოებით 47 ათასი მცხოვრები დაიღუპა, ხოლო ისრაელის არმიამ რამდენიმე ასეული ადამიანი დაკარგა.