დოლიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ახალგაზრდა კაცი
26 დეკემბერს, დილის საათებში, სროლა იყო დოლიძის ქუჩის N 41-ში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, დაჭრილია ახალგაზრდა კაცი და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სროლა მაშინ მოხდა, როდესაც კაცი ქუჩაში საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადასაყრელად იყო გასული. მას ავტომობილიდან ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დაჭრილი კაცი მანქანით გაიტაცეს. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. კითხვაზე, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი, შსს-ში გვპასუხობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.