ფაშინიანი დსთ-ს ლიდერთა სამიტს არ დაესწრება, მიზეზად კოვიდი დაასახელა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის(დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერთა არაფორმალურ სამიტში, რომელსაც სანქტ-პეტერბურგში მასპინძლობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
ფაშინიანის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 25 დეკემბერს, დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში მიზეზად დასახელებულია კორონავირუსული ინფექცია კოვიდი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, 23 დეკემბერს ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა, 25 დეკემბერს კი - უარყოფითი და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება, თუმცა, კოლეგებთან მოთათბირებით მონაწილეობას არ მიიღებს დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტში.
სანქტ-პეტერბურგში სამიტი დღეს გაიმართება, ხოლო ხვალ, 26 დეკემბერს, დანიშნულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბჭოს სხდომა. ფაშინიანის ინფორმაციით, ამ ფორუმში მონაწილეობის გადაწყვეტილებას 25 დეკემბერს, დღის ბოლომდე მიიღებს.
დსთ-ს წევრები არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მოლდოვას დაწყებული აქვს ამ გაერთიანებიდან გასვლის პროცესი, რომელიც 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არიან: სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ამ გაერთიანებებში წამყვან როლს რუსეთი ასრულებს. სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც 2023 წლის სექტემბერში დასრულდა აზერბაიჯანის მიერ თავის შემადგენლობაში ამ რეგიონის დაბრუნებით.
ბოლო ხანს სომხეთის მთავრობამ ურთიერთობების გააქტიურება დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.