მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი - გახარია ევროსაბჭოს გენერალურ მდივანზე
ექსპრემიერი გიორგი გახარია, პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი ეხმაურება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას „აგენტების კანონის“ შესაძლო ცვლილებაზე.
„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“, - წერს გახარია ფეისბუკზე.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, თბილისში ვიზიტად მყოფმა ალენ ბერსემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო დაპირება „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შეცვლის შესახებ.
20 დეკემბერს ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ბერსემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ამ საკითხთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ასეთი დისკუსიებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა „დაუმტკიცონ“ კანონის ხარვეზები. „იქნებ იდეალური კანონია, მაინც შევცვალოთ?“ - თქვა მან.
ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ბერსეს გაჟღერებულ ინიციატივას არ ემხრობა და „შარლ მიშელი 2 არ იქნება“:
„ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება“, - წერს გვარამია.