აშშ-ის სკოლაში მოზარდმა ცეცხლი გახსნა, დაიღუპა სამი ადამიანი
აშშ-ის ქალაქ მედისონში, ვისკონსინის შტატში, ორშაბათს უცნობმა პირმა სკოლაში ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი პოლიციის განახლებული ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მინიმუმ ექვსი ადამიანი ჭრილობებით მოათავსეს საავადმყოფოში.
თავდასხმა ქრისტიანულ სკოლაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. თავდამსხმელი მოზარდი იყო. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის ამ სკოლის მოსწავლე იყო, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ასევე უცნობია, მას პოლიციამ ესროლა თუ თავი მოიკლა.
სკოლიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და მასწავლებლები, მიმდებარე ტერიტორიები გადაკეტილია.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოროტმოქმედი სავარაუდოდ მარტოხელა თავდამსხმელი იყო და ქალაქის სხვა სკოლებსა და საჯარო სივრცეებს საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო წლებში აშშ-ში სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცეცხლსასროლი იარაღით სროლის რიცხვი გაიზარდა. წელს 322 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა - ანუ საშუალოდ დღეში თითქმის ერთი. თუმცა, ბევრი მათგანი უმსხვერპლოდ სრულდება ხოლმე.