ru24.pro
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

224 ხმით დელეგატებმა პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს

0
პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.




კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. 26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.




26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც მეთექვსმეტე დღეა აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.




"ქართულ ოცნებას" საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი ჰყავდა, რაც პირველივე ტურში კანდიდატის დასამტკიცებლად იყო საკმარისი. ცესკომ, რომელიც პროცესს ატარებდა, 224 ნამდვილი და ერთი ბათილი ბიულეტენი დათვალა. ბათილი ბიულეტენი ადა მარშანიას ეკუთვნოდა - კოლეგიის წევრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან.




საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არაპირდაპირი გზით პრეზიდენტის ასარჩევად 300-წევრიანი კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის ანუ, სულ ცოტა, 200 წევრის ხმაა საკმარისი.


 


ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში

კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია:



საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად];
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი];
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი];
პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.


 


პროცესის პარალელურად რუსთაველის გამზირზე რამდენიმე აქცია მიმდინარეობდა: "აჩვენე დიპლომი ყაველაშვილს", " ჩემი შვილი, ხელი გაუშვი!" და სხვა.


პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" იყო გამოცხადებული. პროცესის გაშუქების შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად ამ დღისთვის აკრედიტებულ ტელე- და ონლაინმედიას.




საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას უწოდა „პროვოკაცია“ და „პაროდია“. მან ასევე განაცხადა, რომ არსად არ მიდის.


სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ლეგიტიმური პარლამენტის არჩევის შემდეგ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები. მანამდე კი, როგორც განმარტავს, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის თავად დარჩება.


მეჩვიდმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.


28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.


დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.