ru24.pro
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ქუჩაში დარჩენილი ბავშვი, ძაღლი, მანქანა - აქვს პოლიციას ასე დაკავების უფლება?

0
ხეზე მიბმული ძაღლი პატრონის გარეშე, მამის დაპატიმრების შემსწრე ქუჩაში დატოვებული ბავშვი, გზაზე დაგდებული ცარიელი ავტომობილი - ეს მხოლოდ რამდენიმე ამბავია, 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული აქციების თანმდევად, თბილისში გახშირებული დაკავებების შემდეგ რომ გასაჯაროვდა. უფლებადამცველებს ვკითხეთ, აქვს თუ არა პოლიციას ასე მოქცევის უფლება?


როცა შვილი საბავშვო ბაღში დატოვე და იქვე დაგაკავეს - დოდი ხარხელის ამბავი

ბლოგერისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის დაკავება პოლიციამ პირდაპირ მისი სამი წლის შვილის, ლილის ბაღთან სცადა. რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც დედამ შვილი ბაღში შეუშვა. დოდის დაკავების ვიდეო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში: დოდი თავის მანქანასთან დგას, ყურადღების მისაქცევად ყვირის, გარშემო პოლიციელები ეხვევიან.


თან ეუბნებიან (რაც დოდიმ მოგვიყვა) - „რა გინდა, რა გაყვირებს, ბავშვი ხომ დატოვე უკვე ბაღში? ახლა რომ არ ყვიროდე, ვერც ვერაფერს გაიგებდა, შენ თვითონვე ტრავმავ ბავშვებსო“.




პირველ წუთებში, როცა დოდი ხარხელი მიხვდა, რაც ხდებოდა, არ უფიქრია იმაზე, თუ სად იდგა. სანამ მანქანიდან გადაათრევდნენ და დოკუმენტების შევსებას და მის დაკავებას დაიწყებდნენ, იმ წამს გაიაზრა, რომ ეს ლილის ბაღის წინ ხდებოდა. ყვირილიც მერე დაიწყო - საბავშვო ბაღთან რატომ მაკავებთ, ამის გაკეთება ხომ ყველგან შეგეძლოთო.


„მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ იმ დროს, პოლიციის სხვა ეკიპაჟი, ჩემს მეორე არასრულწლოვან შვილს, ვილიამს უნგრევდა სახლის კარს. 15 წლის ბავშვთან შეღწევას ცდილობდნენ, რომელიც სახლში მარტო იყო“.


დოდი გვიყვება, რომ როცა ამბავი გავრცელდა, მის 15 წლის ვაჟს, ვილიამს, ბებიამ დაურეკა, იმის დასტურად, რომ ბავშვი მარტო და შეშინებული იყო, სატელეფონო ჩანაწერი ჩაწერილი და შენახულია.


ამ საუბრის დროს, ვილიამი ბებიას ეუბნება, ლევანს (დოდის მეუღლე) ვცდილობ დავუკავშირდე, მაგრამ ტელეფონს აღარ იღებს, ისიც აღარ ვიცი, ცოცხალია თუ არაო.


„ამ დროს, პარალელურად, გარეთ მყოფ ლევანსაც წაგლიჯეს ტელეფონი, ხელები გადაუგრიხეს და წაართვეს, ამიტომ ვერ პასუხობდა, მაგრამ მთავარი, რაც ახლაც მზაფრავს და სულ თავში მიტრიალებს, არის ის, რომ ბავშვს იმდენად აღარ აქვს უსაფრთხოების განცდა, რომ თუ ტელეფონზე აღარ პასუხობ, მაშინვე უშვებს, რომ ადამიანი შეიძლება ცოცხალი აღარ იყოს. მირჩევნია, მცემონ და დამაპატიმრონ, ვიდრე ბავშვებს ასე ჩამოშლილი ჰქონდეთ უსაფრთხოების შეგრძნება“, - გვეუბნება დოდი ხარხელი.




როცა მანქანიდან გადმოგათრიეს, მანქანა კი ქუჩაში დატოვეს - კოტე ჩახუნაშვილის ამბავი

ექიმ-პედიატრის, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრის, კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილის ცარიელი მანქანა ნუცუბიძის ქუჩის N69-სთან იპოვეს ქუჩაშივე მიტოვებული. კოტე დააკავეს. მას რამდენიმე საათი განმავლობაში ეძებდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორებში.


ქუჩაში დატოვებული მანქანის ვიდეო კოტეს მეუღლემ, ეკა კვირკველიამ გაავრცელა სოციალურ ქსელში. მოგვიანებით, კოტე სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა. ისევე, როგორც აქციის ასობით მონაწილე.




როცა ძაღლთან ერთად სასეირნოდ გამოხვედი, დაგიჭირეს, ძაღლი კი იქვე მიატოვეს - ვატო ბჟალავას ამბავი

12 დეკემბერს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პოლიციელებმა დააკავეს ვატო ბჟალავა, ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობდა.


მისი მეგობარი, ნათია ჩიქოვანი წერდა, რომ ბჟალავა ძაღლის გასეირნებისას „გაიტაცეს“:


„ძაღლი ხეზე მიაბმევინეს და სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს“.


ოჯახის წევრებს ვატო ბჟალავას დაკავებაზე ოფიციალური სტრუქტურებიდან არავის არაფერი განუმარტავს. ახლობლებმა მომხდარი ასე გაიგეს:


„აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან საკუთარ ძაღლს ასეირნებდა. თავის ძმას დაურეკა, მაღაზიიდან რამე ხომ არ წამოგიღოო. რომ აღარ მოვიდა სახლში, სოსომ, ძმამ, დაურეკა, - თუმცა ტელეფონი გათიშული იყო. ჩავიდა ქუჩაში და ძაღლი ხეზე მიბმული დახვდა. მაღაზიის თანამშრომლებმა უთხრეს, ეს დაგიტოვათო და გადასცეს ის პროდუქტები, რაც სახლში უნდა აეტანა“, - დაწერს ვატო ბჟალავას მეგობარმა სოციალურ ქსელში.


მოგვიანებით ვიდეოკადრებიც ვნახეთ, როგორ სვამენ ვატო ბჟალავას პოლიციელები მანქანაში და მიჰყავთ.


„ხელი გაუშვით რა, შვილი ვარ“ - როცა მამა ბავშვის თვალწინ დააკავეს

ეს ვიდეოკადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა - მაღაზიის წინ სადისტრიბუციო მანქანა დგას, გვერდით პოლიციის მანქანა ჩერდება და დისტრიბუტორს აკავებს. იქვე დგას ბავშვი - დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი.


რატომ აკავებთ? ისმის ქალის ხმა. პური შემოიტანა, რატომ აკავებთ? კაცს გვერდით შვილი უდგას.


„შეიგინა და შემაგინა, არავის არ აქვს ამის უფლება“, - ამბობს პატრულ-ინსპექტორი.


კაცს ხელბორკილს ადებენ და ბავშვის თვალწინ მანქანაში სვამენ.


ხელი გაუშვით რა, შვილი ვარ, - ისმის ბავშვის ხმა.


მას იქვე ტოვებენ. დაკავებული კი პოლიციის მანქანას მიჰყავს.


იყო კიდევ ერთი შემთხვევა, რაც გასაჯაროვდა: ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ ბიზნესცენტრის მოპირდაპირე მხარეს დააკავეს თორნიკე მსხილაძე და მისი მეგობარი - მას ავტომობილიდან გადასვლა მოსთხოვეს. მანქანა კი იქვე დაატოვებინეს.





აქვს პოლიციას ასე მოქცევის უფლება? თუ კი, რა შემთხვევაში?
არის თუ არა ეს ბავშვის უფლებების დარღვევა?
შეიძლება ასე ქუჩაში მიატოვო ადამიანის კუთვნილი ნივთი თუ ოთხფეხა მეგობარი, მათი პატრონების კვალი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგოს?
ვის მოეთხოვება ამაზე პასუხი?
რატომ იქცევა პოლიცია ასე - ეს მათი არაკომპეტენტურობის ბრალია თუ უბრალოდ კანონს არღვევენ?


ეს კითხვები დავუსვით „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას, რომელიც იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც და მანამდე, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პირველი ხელმძღვანელი.


ის გვეუბნება, რომ ადამიანის დაკავებისას არ შეიძლება ბავშვის, ძაღლის თუ დაკავებული ადამიანის პირადი ნივთების უმეთვალყურეოდ დატოვება.


არასრულწლოვანის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს პირდაპირი მითითება, რომ თუ ბავშვი ამ დროს რჩება მარტო, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბავშვი არ დარჩეს უმეთვალყურეოდ.




არცერთ კადრში, რაც გავრცელდა, ამბობს ლონდა თოლორაია, არ ყოფილა ექსტრემალური ვითარება - ვიღაცის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის ბრძოლა, მიმალვის საშიშროება და ა.შ. ამიტომ პოლიციის მხრიდან მათი ქმედების გამართლება შეუძლებელია


„ერთადერთი შემთხვევა, ოღონდ აქ ბავშვები არ იგულისხმება, როცა პირადი ნივთები ან ცხოველი შეიძლება დარჩეს ასეთ დროს უმეთვალყურეოდ, არის ის შემთხვევა, როცა შენ უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის გადასარჩენად აკეთებ რაღაცას. რაც ხდება დღეს, ეს ვერანაირ საკანონმდებლო ჩარჩოში ვერ ჩაჯდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლონდა თოლორაიამ.


მაშ, რით აიხსნება პოლიციის ასეთი ქცევა?


„კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ორ შესაძლო მიზეზს ასახელებს - კომპეტენციის ნაკლებობას და უგულისყურობას, როცა პოლიციელს, რომელმაც იცის, რომ ამისთვის არავინ დასჯის, არ აინტერესებს არაფერი, გარდა დავალების შესრულების, კონკრეტული პირის დაკავებისა.


„მან ზუსტად იცის, რომ თუ კანონს დაარღვევს, არავინ ამისთვის პასუხს არ მოსთხოვს. ამიტომ, მე უფრო მეორე მიზეზი მგონია, ვიდრე პირველი“.


როცა ბავშვის თვალწინ გიჭერენ

ბავშვების უსაფრთხოება სახელმწიფომ ნებისმიერ სივრცეში უნდა დაიცვას, - გვითხრა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამარ გაბოძემ და ისიც აღნიშნა, რომ გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, არასრულწლოვანის თანდასწრებით, პოლიციამ ადამიანი არ უნდა დააკავოს.


თუ ეს მაინც ხდება, ამბობს თამარ გაბოძე, ასეთ დროს, სახელმწიფოს და სამართალდამცველებს ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ბავშვის ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობის დასაცავად და ამისათვის საჭიროა:



ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა - სახელმწიფო ვალდებულია, რომ დაკავების პროცესი არ ემუქრებოდეს ბავშვის ფიზიკურ უსაფრთხოებას.
ბავშვის დაცვა ემოციურად - სტრესისა და შიშის შემცირება, მათ შორის ხმაურიანი ან ძალადობრივი ქმედებების თავიდან აცილება.
ადეკვატური კომუნიკაცია - ბავშვს, ასაკისა და განვითარებითი დონის გათვალისწინებით, უნდა აუხსნან რაც ხდება.
ემოციური მხარდაჭერა - ბავშვისთვის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მას თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს (მაგ. სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი).
თანამშრომლობა სოციალური სერვისების სამსახურთან - ბავშვთან უნდა დაუყოვნებლივ გამოიძახონ სოციალური მუშაკი, რომელიც იზრუნებს მის ინტერესებზე.


თამუნა გაბოძე ასევე გვეუბნება, რომ თუ შესაძლებელია, დაკავება უნდა გადაიდოს, ან დაკავებულის გადაადგილება უნდა მოხდეს ისე, რომ ბავშვი არ დარჩეს მარტო ან საფრთხის ქვეშ და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკავებულის მიმართ უნდა განიხილოს ნაკლებად მძიმე ზომების გამოყენება. ასევე საჭიროა ფსიქოლოგიური დახმარება და ბავშვის ემოციური მხარდაჭერისთვის, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი მშობლის (თუ ერთს იჭერენ) ან კანონიერი წარმომადგენლის სწრაფი ჩართვა პროცესში.


28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ს თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით.


ამ დრომდე არცერთი პოლიციელი დაკავებული არ არის. არც ისინი, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.



ასევე ნახეთ: