ru24.pro
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

სირიაში მეამბოხეებმა დაიკავეს სამხრეთის ქალაქი დარაა

0
7 დეკემბერს სირიაში მეამბოხეებმა გამოაცხადეს, რომ დაიკავეს სამხრეთის ქალაქი დარაა, სადაც 2011 წელს ასადის საწინააღმდეგო ამბოხება დაიწყო.


დამასკი ამ ქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.


Reuters-ის სააგენტოს არ აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებელი წყაროებიდან მიიღოს მეამბოხეთა განცხადების დასტური.


დარაას დაცემის შემდეგ ასადის ძალებმა უკვე მეოთხე მნიშვნელოვანი ცენტრი დაუთმეს მეამბოხეებს.


ამ დროს ლიბანმა გამოაცხადა, რომ კეტავს ყველს სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს, რომელიც სირიასთან აკავშირებს. რჩება ერთი პუნქტი, რომელიც ბეირუთს სირიის დედაქალაქ დამასკთან აკავშირებს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს 7 დეკემბერს მას მერე, რაც ისრაელის ავიაციამ დაარტყა გამშვებ პუნქტს ლიბანის ჩრდილოეთში მისი ახლად გახსნიდან რამდენიმე დღეში. სირიასთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი დაკეტა იორდანიამაც სირიის მხარეს შექმნილი ვითარების გამო უსაფრთხოების მოსაზრებით.


სირიელი მეამბოხეები, დაჯგუფება, რომელსაც "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი" (აღიარებულია ტერორისტულ ჯგუფად შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში) უძღვება და რომლის ზოგიერთი ნაწილი პროთურქულია, უახლოვდებიან ჰომსს, რაც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მმართველობას საფრთხეს უქმნის.


ჰომსის შესაძლო დაპყრობა დამასკს მოკვეთს სანაპირო ზონებიდან, მათ შორის, ლატაკიიდან და ტარტუსიდან, სადაც რუსული სამხედრო ბაზები მდებარეობს.


რუსულმა ავიაციამ 6 დეკემბერს ჰომსის მთავარ მარშრუტზე, M5 გზატკეცილზე, გაანადგურა რუსტანის ხიდი, რათა თავიდან აეცილებინა დაჯგუფების მებრძოლების შემდგომი წინსვლა, განუცხადა Reuters-ს სირიის მთავრობის არმიის ოფიცერმა. წინა დღით მათ სირიის სიდიდით მეოთხე ქალაქი ჰამა დაიკავეს.


მეამბოხეთა კოალიციამ ასადის ერთგულ ძალებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. მეამბოხეთა იერიშის წინ ჰომსი მისმა მოქალაქეებმა დატოვეს და თავშესაფარს ეძებენ სასაზღვრო ქალაქებში, ლატაკიასა და ტარტუსში - სადაც მთავრობას აქვს საყრდენი. როდესაც ამბოხებულებმა იერიში დაიწყეს, რუსეთმა და იორდანიამ 6 დეკემბერს მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს, დატოვონ სირია. სირიაში შიდა კონფლიქტი 2011 წელს დაიწყო.


2021 წლამდე მიმდინარე დაპირისპირების განმავლობაში 305 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, იტყობინებოდა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი 2022 წელს. ასადმა თავის დროზე დაიბრუნა კონტროლი სირიის უმეტეს ნაწილზე მას შემდეგ, რაც მას მთავარი მოკავშირეები - რუსეთი, ირანი და ლიბანის ჰეზბოლა - მხარში დაუდგნენ.